Batumelebi | კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო – Batumelebi
RU | GE  

კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო

გუშინ ბათუმში 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის „უსიმპტომო“ იყო, თუმცა კორონავირუსმა მაინც იმსხვერპლა. გარდაცვლილის დას, მირანდა კოკობინაძეს მიაჩნია, რომ რუსუდანის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის გულგრილობით დამძიმდა. რატომ აქვს ქალის ოჯახს ეს განწყობა, როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის მდგომარეობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა გარდაცვლილის დას დაუსვა.

„გვირეკავდა, გვწერდა, რომ თრომბის ნემსს არ უკეთებდნენ ოპერაციის [საკეისრო კვეთა] შემდეგ. როცა ექიმებს ეუბნებოდა, რომ „დამეხმარეთ, სუნთქვა მიჭირსო“, ხმამაღლა უყვიროდნენ – „მე შენ თავზე ვერ დაგადგები, მე შენი თავი არ მაქვს, მე სხვა პაციენტები მყავს და შენ თავს შენ თვითონ უნდა დაეხმაროო“. გვესმის, რომ ექიმებიც გადაღლილები არიან, მაგრამ როცა შეიძლება ადამიანი გადარჩეს ერთი ნემსით ან აუცილებელი ჩარევით, ხომ შეიძლება ეს გაუკეთო“, – ამბობს მირანდა კოკობინაძე.

მისი თქმით, რუსუდან კოკობინაძეს საკეისრო ოპერაცია ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს გაუკეთეს, თუმცა ოპერაციამდე მშობიარე ქალის ფილტვების მდგომარეობა არ შეუმოწმებიათ, რენტგენი არ გადაუღიათ.

„მხოლოდ გარედან მოუსმინეს. სხვა ანალიზებიც ნორმაში აქვსო, გვეუბნებოდნენ. „მედინაში“ 27 ნოემბერს გადაიყვანეს დილის 6 საათზე, თუმცა CT [კატე] იქაც მხოლოდ საღამოს გადაუღეს, რადგან გაფუჭებული იყო [დანადგარი] და არემონტებდნენ.

გადაღების შემდეგ დაზიანება შეაფასეს 23 ქულით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფილტვების 90 პროცენტი დაზიანებული იყო“, – ამბობს მირანდა.

მირანდა კოკობინაძის თქმით, ოჯახმა მიმართა თბილისში მყოფ ექიმ ლევან რატიანსაც, რომელმაც პაციენტს ანტიბიოტიკი დაუნიშნა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ კლინიკაში არც ეს დანიშნულება შეასრულეს – ანტიბიოტიკი არ გაუკეთეს.

„ექიმები ჩემს დაზე გვეუბნებოდნენ, რომ ფსიქიკურად შეიშალა და სწორ ინფორმაციას ვერ გვაწვდიდა. არ მოუსმინოთო. მაშინ როცა, ფილტვები ფაქტობრივად განადგურებული ჰქონდა, სათანადო მკურნალობას არ უტარებდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის და.

მირანდა კოკობინაძე ამბობს, რომ ოჯახი მისი დის გარდაცვალების თაობაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართავს.

რუსუდანს ერთი კვირის შვილი დარჩა.


რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com