ბათუმი,მთავარი,სიახლეები

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

24.11.2020
E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა.

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით.

მაგალითად, სარფში, ერთ-ერთი ეზოს ონკანიდან აღებულ სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, ასევე E.coli და St.faecalis. ნორმის მიხედვით ეს ბაქტერიები სასმელ წყალში საერთოდ არ უნდა იყოს.

სარფში წყლის მიმწოდებელი შპს „ხელვაჩაურის წყალკანალია“. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასმელ წყალში დარღვევის შესახებ ეცნობა ხელვაჩაურის მერიას და მიეცა რეკომენდაციები.

ბაქტერიები აღმოჩნდა ბათუმში, შარაშიძის ქუჩა N37-ში აღებულ სასმელ წყალშიც, მათ შორის საერთო კოლიფორმები და E.coli. აღნიშნულ მისამართზე წყალი ქალაქის საერთო ქსელით არ მიეწოდება, აქ წყალმომარაგებას ფიზიკური პირი რამინ ნაგერვაძე ახორციელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მასაც მიეცა რეკომენდაციები.

ორგანოლეპტიკური დარღვევა იყო სასმელ წყალში, რომლის ნიმუშიც ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე რესტორან „შავი ზღვის“ სამზარეულოში აიღეს. წყლის მიმწოდებელი ამ შემთხვევაში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალია“. სააგენტოს ინფორმაციით, წყალი იყო მღვრიე [სესის მონაცემებით, სიმღვრივე იყო 4.0 მგ/ლ. ნორმით კი დაშვებულია არაუმეტეს 3.5 მგ/ლ].

  • ბაქტერია St.faecalis – [ბინადრობს ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების კუჭ-ნაწლავის ტრაქტებში. გვხვდება ჯანმრთელ პირთა უმეტესობაში, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს ენდოკარდიტი და სეფსისი, საშარდე გზების ინფექციები (UTI), მენინგიტი და სხვა ინფექციები ადამიანებში].
  • საერთო კოლიფორმები – [კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) რომელთა უმეტესობა არ იწვევს დაავადებას. საერთო კოლიფორმებში შედის ბაქტერიები, რომლებიც გვხვდება ნიადაგში, წყალში (რომელზეც ზემოქმედება მოახდინა ზედაპირულმა წყლებმა) და ადამიანის ან ცხოველის ნარჩენებში].
  • ეშერიხია კოლი [E.coli – ბაქტერიების ჯგუფი, რომელთა ნაწილი პათოგენურია და იწვევს სხვადასხვა დაავადებას – დიარეა, საშარდე გზების დაავადება, პნევმონია და სხვ. ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებული დაავადების გამომწვევი არის E. coli O157:H7. ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს ამ ინფექციით. განსაკუთრებით
    მცირე ასაკის ბავშვები და მოხუცები].

სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შედეგები:

დარღვევები სასმელ წყალში/წყარო: სეს

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: