მთავარი,სიახლეები

უპირატესია 29 წლამდე პირი, ამიტომაც 38 წლის ქალი პროფესიულში არ მიიღეს – საკონსტიტუციო დავა

16.11.2020 • 1500
უპირატესია 29 წლამდე პირი, ამიტომაც 38 წლის ქალი პროფესიულში არ მიიღეს – საკონსტიტუციო დავა

მოქალაქე ნათია შავაძე საქართველოს განათლების სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მას ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში მიღებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის 38 წლისაა. დავის საგანი განათლების სამინისტროს ბრძანებაა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“. ეს სამართლებრივი აქტი პროფესიულში მიღების დროს უპირატესობას 29 წლამდე ახალგაზრდებს ანიჭებს. პროფესიულ სასწავლებელში ადგილების რაოდენობა კი ლიმიტირებულია.

ნათია შავაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებები.

განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლებში 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე, ხოლო 29 წელს ზემოთ მსურველთა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის ქულა რჩება უცვლელი. აპლიკანტების მიერ მიღებული ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ერთიან სარეიტინგო სიას, რომელიც განსაზღვრავს აპლიკანტთა სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შედეგებს.

ნათია შავაძე კულინარიის ხელოვნების სასწავლო პროგრამაზე აბარებდა. მისი თქმით, მან მონაწილეებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ მაღალი შეფასების მქონე ნათია შავაძე სასწავლებელს მიღმა დატოვეს.

საია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შესაძლოა მიზანი იყო უმუშევრობის დონის შემცირება 29 წლამდე ახალგაზრდებში. საია მიიჩნევს, რომ უპირატესობა არ უნდა ენიჭებოდეს ყველას, ვინც 29 წლამდეა.

„ასეთ პირობებში შესაძლოა პროგრამის გარეთ დარჩნენ ის აპლიკანტები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეიძლება სჭირდებოდეთ პროგრამა უმუშევრობის დასაძლევად და იმყოფებოდნენ 29 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.

ამასთან, სადავო ნორმა არ არის აუცილებელი საშუალება, რადგან იგივე მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს შეუძლია პროფესიულ სასწავლებელში მიღების ისეთი სისტემა შეიმუშაოს, რომელიც სწორედ იმ ადამიანებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ უპირატესობის მინიჭება,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: