მთავარი,სიახლეები

„რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან 

06.11.2020 • 1659
„რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საერთოდ არ შეიმჩნიოს ის საპროტესტო აქციები, რომელიც არჩევნების შემდეგ იმართება ან ორ დღეში – 8 ნოემბერს ჩატარდება. მურმან დუმბაძეს იმის სჯერა, რომ ამჯერად ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო გაერთიანება შეძლო, რაც უშედეგოდ ვერ ჩაივლის. „მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამისთვის“, – თქვა ჩვენთან ინტერვიუს დროს მურმან დუმბაძემ.

  • ბატონო მურმან, რა განწყობას ხედავთ მოქალაქეებში, როცა მათ ხვდებით არჩევნების შემდეგ? 

დღეს, მაგალითად, სამი შეხვედრა გვქონდა ქობულეთში… ახლა გაცილებით მეტ მოქალაქეს ვხვდები, ვიდრე წინასაარჩევნოდ. აქამდე გვხვდებოდნენ უშუალოდ ჩემი საარჩევნო ბლოკის მხარდამჭერები, ახლა კი, ყველა პარტია გამოდის. გუშინ ვკითხულობდი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც ხომ არ არის ვინმე-მეთქი? მოქალაქეს ვერ ვნახულობთ, მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. „ოცნების“ მხარდაჭერა უკვე სირცხვილია.

მე ვხდები აღშფოთებულ მოქალაქეებს. ივანიშვილმა შეძლო ის, რომ მოქალაქე გამოიყვანა ქუჩაში. ქუჩაში გამოსულ მოქალაქეს ვერავინ დაამარცხებს. რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია, ეს შეუძლებელია. მოქალაქესთან ვერ გაიმარჯვა ძლევამოსილმა ასლან აბაშიძემ, შევარდნაძემ… წავა ივანიშვილიც. ივანიშვილმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა 2020 წლის 31 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით. მე ვემხრობი იმას, რომ აქციები გაიმართოს ბათუმშიც და არ არის აუცილებელი, ყველამ თბილისში მოიყაროს თავი.

  • რატომ ფიქრობთ, რომ ანგარიშგასაწევი შეიძლება გახდეს ეს საპროტესტო აქციები? საოლქო კომისიების რეაქცია ხომ არ აჩვენებს იმას, რომ პირიქით მოხდება – მაგალითად, ბათუმის ოლქში 75 საჩივარი შევიდა, მაგრამ მხოლოდ იმ უბნის შედეგები გადათვალეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია იგებდა? 

ცხადია, ხელისუფლებისგან არ ველი. მე ველი ამას საქართველოს მოქალაქეებისგან. ასე არ ითვალისწინებდა ხალხის აზრს ედუარდ შევარდნაძე, აბაშიძე, მაგრამ ერთსაც და მეორესაც მოუწია წასვლა. ივანიშვილის რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი. თუ უნდა მას, რომ დარჩეს „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში, ის ხელახლა არჩევნებს ჩაატარებს, თუ არა მოქალაქეები პროტესტის გამოხატვას განაგრძობენ და იქნება სრული დაუმორჩილებლობა. მილიონ 900 ათასი კაცი მივიდა არჩევნებზე, აქედან მილიონზე მეტი ხმა მიიღო ოპოზიციამ. ვერაფრით ვერ დადგება ის შედეგი, რაც სურს ივანიშვილს. მე ვეუბნებოდი, რომ ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები წესიერ ფორმატში, რიგიანად, კანონმდებლობით, მაგრამ არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული.

  • რა ადასტურებს თქვენთვის იმას, რომ არჩევნები გაყალბდა? 

ეს იყო კარუსელი, მოსყიდვა, მანამდე სოციალური დახმარებების მოხსნის ან სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარა, ქუჩის ბიჭების გამოყენება… ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალხმა მაინც გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი თუ არ დათანხმდება, „ქართული ოცნება“ საერთოდ გაქრება ქართული პოლიტიკური ველიდან.

  • საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გამო დაუშვეს შეცდომები… 

არ არის ასე, 21-ე საუკუნეში კალკულატორის, კომპიუტერის, ფეისბუქის ეპოქაში როცა მოგდის 800 ამომრჩეველი, 800 ვერ დათვალო, ეს ვერ იქნება კოვიდის ბრალი, ეს არის საკუთარი კომპეტენციის ბრალი.

  • მიიჩნევთ, რომ კომპეტენციის პრობლემა იყო და არ იყო განზრახვა?

ეს არის საკუთარი კომპეტენციის, უნიათობის ბრალი და მიზანმიმართული მოქმედების ბრალი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებდა დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე. მაგალითად, ჩაქვის ზონაში ხმების დათვლა დასრულდა მეორე დღეს, პირველ ნოემბერს, დღის პირველ საათზე. ასეთი გაუგონარი რამ ასლან აბაშიძესაც არ ჩაუდენია. მათ ჰქონდათ დავალება გაყალბების. სხვა რა არის, როცა ბიულეტენი მეტია ჩაყრილი, ამომრჩეველი ნაკლებია ფიქსირებული? ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს არის მიზანმიმართული მოქმედება. ივანიშვილს სურდა, რომ გაეყალბებინა 31 ოქტომბრის არჩევნები და გააყალბა კიდეც. ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.

  • „ოცნება“ ამბობს, ჩვენც მოგვაკლეს ხმები და სწორდება ხარვეზები, ოპოზიციას კი, ხარვეზების გასწორება არ აწყობსო. 

თუ „ოცნების“ ოქმები გაყალბებულია, მაშინ თავად უნდ იჩივლონ სასამართლოში, რატომ არ ჩივის? არ არის ეს ასე. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის მეორე მეხუთედში – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფალი, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს თავისუფალ გარემოში. საარჩევნო ურნასთან უნდა მივიდეს ამომრჩეველი და გააკეთოს არჩევანი, არავითარი ზეწოლა, არავითარი შანტაჟი, არავითარი მოლაპარაკება. ამომრჩეველთან შეიძლება მხოლოდ აგიტაცია. დანარჩენი ყველაფერი გამორიცხეთ. ახლა, როცა საარჩევნო უბნების წინ დგას სამარშრუტო ტაქსი, იქ რიგდება ფული, ან ნარკოტიკული ნივთიერება, ან მოქალაქეს იბარებენ სააღრიცხვო ფურცლით, ეს არის ამომრჩეველზე ზემოქმედება და არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებად. აქ არჩევნების შედეგი კი არ არს მთავარი, არამედ ის, თუ რა ხდება არჩვენების შემდეგ. მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, რაც ხდება ახლა თბილისის, ან ბათუმის ქუჩებში, ზუგდიდში, ქუთაისში, მთელ საქართველოში?

  • როგორ აპირებთ შედეგის მიღწევას? 

ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მან შეძლო მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. მე 90-იანი წლებიდან ასეთი ერთიანობა არ მახსენდება. დღეს უკიდურესად განსხვავებული, ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობის მქონე პარტიები არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის პარტიებიც, რომლებიც მიუახლოვდნენ ზღვარს, რომ მანდატი მოუწევდათ, არ ცნობენ თამაშის წესებს, რაც ივანიშვილმა შემოგვთავაზა და შესთავაზა საქართველოს მოსახლეობას. დღეს უპრეცედენტო გაერთიანება მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ერთადერთი პლუსია, რაც ამ ბაკქანალიას ახლავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: