მთავარი,სიახლეები

შემაჯამებელ ოქმებში არეულობა და ქაოსი კომისიის წევრების ბრალია?

06.11.2020
შემაჯამებელ ოქმებში არეულობა და ქაოსი კომისიის წევრების ბრალია?

დისბალანსი და არეულობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბათუმის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ საუბნო კომისიების წევრების დაღლილობით ახსნა. „ბოლო დღეებშიც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“, – გვითხრა მან. განკარგულებების მიხედვით კი, რაც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული,  სინამდვილეში ბოლოს კომისიის წევრი 23 ოქტომბერს ჩაანაცვლეს.

იმ განკარგულებების მიხედვით, რაც ვებგვერდზეა ატვირთული, ბათუმის 120 [სპეცუბნების ჩათვლით] საუბნო საარჩევნო კომისიიდან მხოლოდ 16 საუბნო კომისიაში 16 წევრი ჩაანაცვლეს. ოლქის თავმჯდომარის თქმით კი, შეცვალეს 28 წევრი. უბნებიდან ძირითადად რიგითი წევრები გავიდნენ და ისინი ჩაანაცვლეს პირებმა, რომლებსაც რიგით წევრებად მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ.

ციალა შავაძის განმარტებით, ამას ემატებიან საუბნო კომისიების ის წევრებიც, რომელთა ჩანაცვლებაც პარტიებმა მოითხოვეს. პარტიების მიერ ჩანაცვლებული პირების მონაცემები კი კომისიამ დაზუსტებით ვერ მოგვაწოდა.

ამის მიუხედავად გადამოწმებით დგინდება, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებში დარჩნენ პირები, რომლებსაც არამხოლოდ ზოგადად არჩევნების ჩატარების, არამედ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საპარლამენტო არჩევნების ერთობლივად ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.

ამის საილუსტრაციოდ ის უბნებიც კი გამოდგება, სადაც კორონავირუსის გამო პასუხისმგებელი პირი შეცვალეს – მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ბათუმის #22 საუბნო საარჩევნო კომისია, სადაც უფლებამოსილება დროზე ადრე შეუწყდა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ილია ბერიძეს – ის ნატალია მელნიკოვამ ჩაანაცვლა. ამ უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნოდარ ბარამიძე, ხოლო მდივნად მაია ჯაბნიძე მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნოდარ ბარამიძე ამავე კომისიაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, მაია ჯაბნიძე კი კომისიის მდივანი იყო.

ასევე ვერ ვიტყვით, რომ  კარგად იმუშავეს იმ კომისიებმა, რომლებსაც კომისიის არც ერთი წევრი არ ჩაუნაცვლებიათ. სწორედ ამიტომაც დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია დაღლილობის მიზეზით იმ შეცდომებისა და ქაოსის ახსნა, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოქმებში ფიქსირდება.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბოლო განკარგულება, რომელიც ციალა შავაძემ საუბნო კომისიის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოსცა, 23 ოქტომბრით თარიღდება, ამის შემდეგ ოლქს ერთი კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ ჩანაცვლებული კომისიის წევრები კენჭისყრის დღისთვის მოემზადებინა. სავარაუდოდ საკმარისი იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე ტრენინგი, რადგან ამ პირების შერჩევასთან დაკავშირებით გამოცემულ განკარგულებებშია პირდაპირ წერია, რომ  ძირითადად ისეთი კანდიდატები შეარჩიეს, ვისაც ცესკოს სპეციალური კურსი აქვს გავლილი.

ამავე თემაზე:

შესწორებული ოქმები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: