მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს

28.10.2020 • 1733
არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს

ციმბირში ლაპტევების ზღვა, რომელიც არქტიკული ზღვის ყინულის მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა, გაყინვას აგვიანებს. ზღვა ჩვეულებრივ ოქტომბერში იყინება და ეს პირველი შემთხვევაა ზღვაზე აღრიცხვის წარმოების დაწყებიდან, როცა ოქტომბრის ბოლოს ზღვას ჯერაც არ დაუწყია გაყინვა.  „გარდიანი წერს, რომ კლიმატოლოგების შეფასებით, ლაპტევების ზღვის დაგვიანებული გაყინვა გამოწვეულია ჩრდილოეთ რუსეთში უჩვეულოდ გაჭიანურებული სითბოთი და ატლანტიკური წყლების შედინებით. მეცნიერები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს პოლარულ რეგიონზე.

ოკეანის ტემპერატურა ამ რეგიონში ცოტა ხნის წინ საშუალო მაჩვენებელს 5 გრადუსით ასცდა, რაც რეკორდულად მაღალ სიცხესა და გასული ზამთრის ზღვის ყინულის მასის უჩვეულოდ ნაადრევ შემცირებას მოჰყვა.

აშშ-ს თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი კოლორადოში, ზაკარი ლაბი, ტვიტერზე ლაპტევების ზღვის ყინულის ლღობის დიაგრამას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ყინულის ლღობის პერიოდის აღმნიშვნელი მრუდი დიაგრამაზე თითქმის სწორ ხაზს დაემსგავსა:

„არქტიკაში ისტორიული რამ ხდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ კლიმატის ცვლის ამ ინდიკატორს,” – წერს ზაკ ლაბი.

„ლღობის ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება მანამ, სანამ არქტიკაში პირველი ყინულისგან თავისუფალი ზაფხული არ დადგება“ –  ამბობს „გარდიანთან“ საუბრისას აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი უოლტ მეიერი. მონაცემებისა და მოდელების თანახმად, ეს მოხდება 2030-დან 2050 წლამდე. „აქ საუბარია იმაზე, თუ როდის მოხდება ეს და არა იმაზე – თუ მოხდება,” – დასძენს ის.

როგორც წესი, ლაპტევების ზღვა „ყინულის ფაბრიკასავით“ მუშაობს ზღვის ქარების მეშვეობით, რომლებიც ზღვის ყინულის წარმოქმნას უწყობენ ხელს. ეს ყინული ხვდება ჩრდილოყინულოვან ოკეანეში და შემდეგ – ფრამის სრუტეში, გრენლანდიის აღმოსავლეთით, მაგრამ მომატებულმა ტემპერატურამ, რომელიც დედამიწაზე ადამიანის მიერ წარმოების პროცესის შედეგია, არქტიკული ზღვის ყინულის შემცირება გამოიწვია. გასულ შემოდგომაზე ზღვის ყინული უჩვეულოდ ადრე დადნა. ზეკ ლაბეს შეფასებით „ამ შემოდგომაზე გაყინვის ნაკლებობა ციმბირის არქტიკაში უპრეცედენტოა“. სპეციალისტების შეფასებით ეს მოსალოდნელიც იყო, როგორც დედამიწაზე ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგი.

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ჯგუფის (IPCC) მე-5 შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ „დათბობის პროცესი ეჭვს არ იწვევს. ამაზე ცალსახად მეტყველებს წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე დაგროვებული სამეცნიერო მასალა. ატმოსფერო და მსოფლიო ოკეანე თბება, თოვლისა და ყინულის მოცულობა იკლებს, ზღვის დონე იმატებს, ხოლო ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაცია იზრდება“.

იხილეთ ზაკერი ლაბის მიერ გამოქვეყნებული მოძრავი დიაგრამა, რომელზეც ასახულია 1979-2016 წლებში ოქტომბრის თვეებში უფრო სქელი (ჩვეულებრივ ძველი) არქტიკული ზღვის ყინულის დაკარგვის სურათი (1.5 მეტრზე ნაკლები სისქის ყინული დაფარულია შავით):

გადაბეჭდვის წესი


ასევე: