მთავარი,სიახლეები

ცენტრალური ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმებით და სტუდენტებით დაკომპლექტდება – COVID19

28.10.2020
ცენტრალური ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმებით და სტუდენტებით დაკომპლექტდება – COVID19

მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება.

„ონლაინკლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ადმინისტრაციულ, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერის დავალებებს შეასრულებს.

მთავრობის ამავე დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით;

სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეულ პირებს უნდა მიაწოდონ კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ორგანიზაციული საკითხების შესახებ; აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, კოვიდცენტრებში დასაქმებულ ექიმებს დაეხმარონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ქვეყანაში 27-28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არ არიან, თუმცა სამედიცინო განათლება აქვთ. მისივე თქმით, 27 ოქტომბრამდე საქართველოში კორონავირუსით 1 678 მედიკოსი დაინფიცირდა.

რა პირობით ჩაერთვნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები კოვიდის მართვაში, ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარეს ესაუბრა:

https://netgazeti.ge/news/491866/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: