მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმოს ეპიდემიოლოგი: რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი

01.10.2020 • 1289
ჯანმოს ეპიდემიოლოგი: რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა ეპიდემიოლოგმა  მარია ვან კერჰოვმა 30 სექტემბერს ჯანმოს ფეისბუქგვერდზე მორიგი პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის პანდემიის პიკის თავისებურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალ კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს, რომ იგი ყველა ტიპის პირობებში, კლიმატსა და რეგიონში ცირკულირებს, თუმცა მისი კონტროლი ჩვენს ხელშია.

მოდერატორის კითხვაზე, იმყოფება თუ არა მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის ქვეშ, თუ ეს ისევ პირველი ტალღის ერთ-ერთი პიკია, მარია ვან კერჰოვმა უპასუხა:

„თუ მთელ მსოფლიოს გადავხედავთ, რთულია მოკლე პასუხი გაეცეს ამ კითხვას. ვირუსი კვლავ ცირკულირებს. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის 10% დაინფიცირდა პანდემიისას… ეს ნიშნავს, რომ 90% არ დაინფიცირებულა, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გააგრძელებს ცირკულირებას, თუ ამის უფლებას მივცემთ. ბევრმა ქვეყანამ აქამდე სულ ცოტა ერთი პიკი მაინც განიცადა. ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდაც აირიდა პირველი პიკი, ზოგიერთ მხარეში კი მიაღწიეს პიკს და დაამყარეს კონტროლი. ახლა ზოგან ხედავენ პიკის აღმავლობას, ანუ ახალი შემთხვევების ზრდას.

ჩვეულებრივ, როცა ჩვენ ვამბობთ „ტალღას“, ჩვენ ვფიქრობთ სეზონურ გრიპზე, რომელიც მოდის სეზონურად, ძირითადად ზამთრის თვეებში იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ვირუსის სეზონურობას. ეს ვირუსი ცირკულირებს ყველა ტიპის პირობებში, კლიმატსა და რეგიონში, და რაც აქამდე დავადგინეთ, ის არის, რომ ყველა გატარებული აქტივობით, ქმედებითა და ინტერვენციებით პიკი იკლებს და შესაძლებელი ხდება ვირუსის კონტროლი.

ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსმა თავიდან ცირკულირება დაიწყო იმიტომ, რომ შეზღუდვები შემსუბუქდა და ვირუსს შეუძლია იპოვოს გზები, რომ შენარჩუნდეს და იმოქმედოს კლასტერებში და ამიტომაც ვხედავთ ეპიდაფეთქებას ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსის ქცევა, რასაც ჩვენ ახლა პიკისას ვხედავთ – ჩვენს ხელშია, ის განისაზღვრება იმით, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, განისაზღვრება იმით, თუ რას აკეთებენ მთავრობები იმისთვის, რომ ის კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი“.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 1 014 557 ადამიანი გარდაიცვალა, იანვრიდან დღემდე დადასტურებულია კორონავირუსის 33 995 564 შემთხვევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: