მთავარი,სიახლეები

ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

22.09.2020 • 1912
ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა უკვე დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, გახდა ცნობილი. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს სახლში, თუმცა მან კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბინაზე იმკურნალებს ის კოვიდპაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები და აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება.

„როცა ხდება კოვიდინფექციის შემთხვევის დადასტურება, ეს ბაზა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ავტომატურად გადაეცემა საგანგებო სამსახურს, 112-ს.

112-ში ჩართული არიან ონლაინკლინიკები და ჩვენ აჭარაში გვაქვს ორი ონლაინკლინიკა, სადაც მუშაობს დატრენინგებული 18 ექიმი. ეს ექიმები უკავშირდებიან ინფიცირებულს და ხდება ინფორმაციის დეტალურად შეკრება, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საცხოვრებელი პირობების შესახებ და ხდება გადაწყვეტილების მიღება – ინფიცირებული გადავა სტაციონარში, კოვიდსასტუმროში თუ დარჩება ბინაზე.

თუ კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული რაიმე თანმხლები დაავადებით, პაციენტი არის ბავშვი, ფეხმძიმე, მოხუცი ან სხვა რისკის ქვეშ მყოფი, პაციენტი გადადის კლინიკაში; თუ პაციენტს საცხოვრებელი პირობები არ აქვს [რომ იყოს იზოლაციაში] – გადადის კოვიდსასტუმროში, ხოლო თუ პაციენტი არის უსიმპტომო, იღებს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობას დისტანციურად, დღეში რამდენჯერმე.

ერთეული ასეთი პაციენტები გვყავს ბინაზე, რომლებიც არიან უსიმპტომოები. ისინი გადაცემულნი არიან მეთვალყურეობაზე ოჯახის ექიმთან, ერთეულ შემთხვევაში ჩაუტარდათ კატე დიაგნოსტიკა და მათი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ისინი ბინაზე იქნენ დაბრუნებული ან საკარანტინო სივრცეში“, – განმარტა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ PCR ტესტების პასუხების რამდენიმე დღით დაგვიანების მიზეზი სისტემის გადატვირთვა გახდა.

„ახლა ვართ ორიენტირებული მიზნობრივ ტესტირებაზე, მაქსიმალურად მოხდა ნიმუშების გადანაწილება ლაბორატორიულ ქსელში. არაუმეტეს 72 საათისა მოხდება დაყოვნება. მანამდე პაციენტი უნდა იყოს იზოლაციაში. თუ პაციენტს  აქვს კორონავირუსის სიმპტომები, მაგრამ არ აქვს ტესტის პასუხი, უნდა დაუკავშირდეს 112-ს და გადაიყვანენ ცხელების ცენტრში, სადაც ის დაყოვნდება ტესტის პასუხამდე“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: