მთავარი,სიახლეები

საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ

22.09.2020
საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ

გონიოს პლაჟის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც საკურორტო სეზონზე ე.წ. ბუნგალოები და სხვა სახის მსუბუქ კონსტრუქციებში მოწყობილი კაფეები მუშაობს, ახლა მიტოვებულ ბარაკული ტიპის დასახლებას ჰგავს, საიდანაც მეპატრონეები ისე წასულან, ნარჩენებიც კი არ გაუტანიათ.

გონიოს პლაჟი

გონიოს პლაჟი

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ პლაჟზე განთავსებული კაფეს ინფრასტრუქტურა, მსუბუქი კონსტრუქციების ჩათვლით უნდა დაიშალოს და პლაჟს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდეს ზაფხულამდე, ვიდრე ამ ადგილებზე მსუბუქი სავაჭრო ობიექტების მოსაწყობად ბათუმის მერია აუქციონს არ გამოაცხადებს.

თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. კაფეების მეპატრონეებს მხოლოდ ინტერიერის გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურა და სამზარეულოს ნივთები მიაქვთ, სხვა ყველაფერს კი [კონსტრუქციების ჩათვლით] იქვე ტოვებენ. ეს პროცესი უმეტესწილად უკონტროლოა და შემოდგომის დადგომიდან ზაფხულამდე პლაჟი უსახური ნაგებობებითაა ჩახერგილი.

ცალკე შესწავლის საგანია საპირფარეშოები, რომლებსაც კაფეების მეპატრონეები პლაჟზე ყოველგვარი საკანალიზაციო სისტემის გარეშე აწყობენ, საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ კი იქვე ტოვებენ. ვნახეთ ისეთი საპირფარეშოებიც, რომლებიც პირდაპირ სასეირნო ბილიკთან აუშენებიათ.

რატომ აძლევს მათ მერია ასეთი ნაგებობების მოწყობის შესაძლებლობას საკურორტო ქალაქში? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. „ეს საკითხიც მონიტორინგს დაექვემდებარება“, – გვითხრეს მერიაში.

საპირფარეშო პლაჟთან სასეირნო ბილიკზე. ცალკე საკითხია რამდენად გამართულად არის მიყვანილი სასმელი წყალი პლაჟზე, რომლითაც საკურორტო სეზონზე აქ კომერციული ობიექტები სარგებლობენ. როგორც ჩანს, წყლის სისტემაც უნებართვოდ და კუსტარულადაა მოწყობილი. ზოგან ეს სისტემა მოშლილია და წყალი პლაჟზე იღვრება. არც ის ვიცით, საიდან არის ეს წყალი მოყვანილი.

რკინის კონსტრუქციებს კი მესაკუთრეები პლაჟზე უმეტესწილად იმ იმედით ტოვებენ, რომ მომავალ წელს აქ კაფეს მოსაწყობად ისევ თვითონ დაბრუნდებიან. იმის მიუხედავად, რომ პლაჟის ასათვისებლად აუქციონი უნდა გამოცხადდეს, რაც კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, მეპატრონეების მოლოდინი ძირითადად მართლდება.

როგორც სეზონურად, პლაჟის ასათვისებლად, აუქციონის გამოცხადება და მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ასევე ამ ხელშეკრულებების პირობების კონტროლიც ბათუმის მერიის შესაბამისი სტრუქტურების, კეთილმოწყობის და ასევე, სანდასუფთავების სამსახურის პასუხისმგებლობაა.

პლაჟზე მიტოვებული კონსტრუქცია

რას ამბობს მერია? – მერიის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე გონიოს პლაჟზე კაფე-ბარების ნაწილი ისევ მუშაობს. ნაწილი კი, დაკეტილია და კონსტრუქციები ადგილზე რჩება. სეზონის დასასრულს, ოქტომბრის შუა რიცხვებში, განხორციელდება მონიტორინგი ტერიტორიის მოწესრიგების უზრუნველყოფის მიზნით. რაც შეეხება არსებული კონსტრუქციებისგან პლაჟის გათავისუფლებას, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, აუქციონის დაგეგმვის შესაბამისად, მოხდება ტერიტორიის მოსარგებლეთა წერილობითი გაფრთხილება უსახური კონსტრუქციებისგან ტერიტორიის გამოთავისუფლების შესახებ.“

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია ისიც, რომ წელს საკურორტო სეზონზე გონიოს პლაჟები კაფეების მეპატრონეებს აუქციონით არ აუთვისებიათ, ისინი სარგებლობდნენ ამ ტერიტორიებით მერიასთან შეუთანხმებლად.

შემდეგ მერიამ ჩაატარა აღწერა და მათ შესაბამისი გადასახდელები დააკისრა. მომავალი სეზონისთვის კი მერია აუქციონის გამოცხადებას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: