ბათუმი,მთავარი,სიახლეები

30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

21.09.2020
30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად განაცხადის წარდგენა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. გრანტების გაცემა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან.

გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. როგორც „აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს: „განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა, ეს ნიშნავს ბიზნესიდეის შეთავაზებას, ასევე იქნება შეკითხვები, რომლებსაც განაცხადის წარმდგენი უპასუხებს“.

ბიზნესიდეების გაგზავნა 18 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, დაფინანსდება „სილამაზის სალონის, ავტოტექმომსახურების, საცხობის, საოჯახო სასტუმროს მოწყობისა და სხვა ბიზნესიდეები“.

„ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათსავე ქალაქებსა და რეგიონებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე.

რეგიონების მიხედვით პროგრამის განხორციელებისთვის „აწარმოე საქართველოში“ კონტრაქტორ კომპანიებს ტენდერებით გამოავლენს. ტენდერები უკვე გამოცხადებულია, თუმცა 21 სექტემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებები ჯერ გაფორმებული არ არის.

პროგრამის ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები ნახეთ აქ.

აღნიშნული საგრანტო პროგრამის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე:

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: