მთავარი,სიახლეები

1,5 მილიარდი დოლარი ბელარუსს რუსეთისგან – ლუკაშენკო პუტინს ხვდება

14.09.2020 • 1077
1,5 მილიარდი დოლარი ბელარუსს რუსეთისგან – ლუკაშენკო პუტინს ხვდება

სოჩში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ბელარუსიის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება მხოლოდ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის. ბელარუსიაში უკვე თვეზე მეტია იმართება აქციები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის გასაპროტესტებლად.

ბელარუსიაში საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ ეს ლუკაშენკოსა და პუტინის პირველი შეხვედრაა პირისპირ. ლუკაშენკოს კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკვე გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ პუტინმა „დიქტატორთან დიალოგი არჩია ბელარუს ერთან საუბარს“. ინფორმაციას პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები შექმნილ სიტუაციას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო ჭრილში რეგიონის მდგომარეობას, გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გასცემს ბელარუსისთვის 1,5 მილიარდ დოლარ კრედიტს. პუტინმა დადებითად შეაფასა ლუკაშენკოს ინიციატივა, გაატაროს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმები. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ბელარუსი ერი თავად გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში გარე ძალების ჩარევის გარეშე და მშვიდობიან დიალოგს შეძლებენ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები.

პუტინმა დაპირება გასცა ასევე, რომ გაგრძელდება რუსეთისა და ბელარუსის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა პუტინსა და რუსეთის ყველა მოქალაქეს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოვლენებში მხარდაჭერის გამო. პუტინს ლუკაშენკო დაჰპირდა, რომ მუდმივად საქმის კურსში ჩააყენებს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ბელორუსის შს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას ბელარუსში საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევისთვის 774 ადამიანი დააკავეს.

ოფიციალური მოსკოვი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. გასულ კვირას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩევნებს ყოველთვის თან სდევს გარკვეული უკმაყოფილება და აქციები ბელარუსში არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა ლუკაშენკოს წინააღმდეგია.


წყარო: BBC

მთავარ ფოტოზე: ალექსანდრე ლუკაშნკო/ფოტო: ANDREI STASEVICH/BELTA/TASS

გადაბეჭდვის წესი


ასევე: