მთავარი,სიახლეები

რამდენი ლარით შეიძლება დაჯარიმდეთ გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში – კანონპროექტი

09.09.2020
რამდენი ლარით შეიძლება დაჯარიმდეთ გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში – კანონპროექტი

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა დაჯარიმდება 5 000-დან 10 000-მდე ლარით, ხოლო დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა – 5 000 ლარით.

ზიანის პრევენციის ან შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობისთვის ჯარიმა 10 000-დან 20 000-მდე ლარია, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა კი 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„5000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმები განისაზღვრება კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუკი გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი არ წარმოადგენს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნას,  დაჯარიმდება 1 000 ლარით,  გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი – 40 000-დან 80 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმით განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის ან ზიანის მიყენების შემთხვევაში, პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები კი მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე.

„აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“ – აცხადებს ზედამხედველობის სამსახური.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო განხილვები იწყება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: