მთავარი,სიახლეები

ჯარიმა და შენობის დემონტაჟი – მერია მარუხის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ სახლზე 

08.09.2020 • 3448
ჯარიმა და შენობის დემონტაჟი – მერია მარუხის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ სახლზე 

ბათუმის მერიამ მარუხის ქუჩაზე აშენებულ სამსართულიან სახლთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ამ სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზეა აშენებული. უკანონო შენობის მისამართია მარუხის ქუჩის #11. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა.

მერიის განმარტებით, ამ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს:

„2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი, მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად“.

მერიის განცხადებაში ნათქვამია იმის შესახებაც, რომ დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლების მიმართ, ვისაც კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ევალებოდა ფაქტზე რეაგირება.

ადმინისტრაციული დავის წარმოების დასრულების შემდეგ მერიას დავის გაგრძელება სავარაუდოდ სასამართლოში მოუწევს, რადგან მესაკუთრეს უკანონოდ აშენებული სამსართულიანი სახლის ორი სართული რეესტრში დარეგისტრირებული აქვს. ამას გარდა, შენობა კერძო საკუთრებაზეა აშენებული.

____

3-სართულიანი სახლი ბათუმში, რომელიც ქუჩაზეა აშენებული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: