მთავარი,სიახლეები

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურიდან: ონკანში ყვითელი წყალი მოდის, იატაკიც არ იწმინდება

08.09.2020 •
ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურიდან: ონკანში ყვითელი წყალი მოდის, იატაკიც არ იწმინდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ნათია დუმბაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ინფრასტრუქტურული და სანიტარული პრობლემებია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა. ნათია დუმბაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს.

„სასმელი წყალი არ გვაქვს, ვერ დავლევთ ონკანის წყალს, ყვითელი ფერის წყალი მოდის. იატაკიც არ იწმინდება, ანტიბაქტერიული ხსნარები არ გვაქვს… ვითხოვე სპირტი, რომელიც რამდენიმე დღის მერე მომაწოდეს ბევრი ხვეწნის მერე. მითხრეს, რად გინდა სპირტი, მაინც დაავადებული ხართ უკვეო,“ – ამბობს ნათია დუმბაძე.

ნათია დუმბაძე ასევე ამბობს, რომ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ, ზოგიერთ მედპერსონალს პირბადეც კი არ უკეთია, ორ სართულს კი ერთი სანიტარი ემსახურება. პაციენტის თქმით, კლინიკაში საკმარისი თერმომეტრიც კი არ აქვთ.

ნათია დუმბაძის ნათქვამი დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა, თუმცა პრობლემებს აღიარებს თავად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე.

„ვიღებთ ამ შენიშვნებს და უკვე გამოსწორებულია ეს პრობლემები, ჩვენ ორ დღეში მივიღეთ ერთდროულად 70 პაციენტი, ამისთვის არ ვიყავით მზად, ჩავატარეთ თათბირი და ვამატებთ მედპერსონალს, დეზინფექციაც კეთდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.

სოლომონ ფუტკარაძე ადასტურებს იმასაც, რომ ახალ კლინიკაში სასმელი წყალი ზოგჯერ ყვითელია და კლინიკის დირექტორმა, სადაც ახლა კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ, ზუსტად არ იცის, წყლის ხარისხი შემოწმებულია თუ არა.

„ხარისხობრივად ქალაქის წყალია, შემოწმებული უნდა იყოს… ნამდვილად არის ეს პრობლემა და არ ვიცი, ეს „წყალკანალს“ უკავშირდება, თუ იმ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა. შესაძლოა, მილი დაიჟანგა, რადგან ეს პალატები რამდენი ხანია მოწყობილია და აქამდე არ გამოუყენებია არავის, ამ საკითხს ვსწავლობთ“, – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი კატეგორიულად მხოლოდ იმას უარყოფს, რომ ექიმებს პირბადეები არ უკეთიათ. სოლომონ ფუტკარაძის განმარტებით, სრულ ეკიპირებას ახალი რეგულაციებით სამედიცინო პერსონალი მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა პაციენტი სხვაგან გადაჰყავთ ან გამოსაკვლევად გადაჰყავთ კლინიკის კონკრეტულ სამედიცინო კაბინეტში.

სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით სოლომონ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკურის კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე ესაუბრება ნათია დუმბაძეს და კლინიკა დეტალურად მოიკვლევს ინფორმაციას პრობლემების შესახებ, რაზეც პაციენტი საუბრობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: