ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

08.09.2020
ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს, კი, წინასწარი ჩაწერაც [ონლაინდაჯავშნაც] შეჩერებულია.

„ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების, ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, შეჩერებულია დაჯავშნაც“, – გვითხრეს იუსტიციის სახლში.

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტესტირება ჩაუტარდება აჭარის პროკურატურის თანამშრომლებსაც. პროკურატურა და იუსტიცია ბათუმში ერთ შენობაში, სხვადასხვა სართულებზეა განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი:

3 შემთხვევა „ხოფის ბაზრობაზე“, 21 ახალი ინფიცირება ბათუმში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: