მთავარი,სიახლეები

ბათუმში 89 ინფიცირებულს მკურნალობენ, ორი პაციენტი რეანიმაციაშია – კორონავირუსი აჭარაში

07.09.2020
ბათუმში 89 ინფიცირებულს მკურნალობენ, ორი პაციენტი რეანიმაციაშია – კორონავირუსი აჭარაში

7 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 89 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. კლინიკაში ძირითადად ახალი პაციენტები არიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 15 პაციენტს პნევმონია აქვს, ორი პაციენტი კი, რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან.

გია კიკაბიძე ამბობს, რომ ხვალ კოვიდინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს სხვა ქალაქებში გადაიყვანენ: „ორსული ქალია და გადავა თბილისში. ასევე, კლინიკაში გვყავს დედა, რომლის ბავშვიც დაინფიცირდა და დედა-შვილს გადაიყვანენ საჩხერეში, რადგან ჩვენ ბავშვებს ვერ ვიღებთ“.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა შორის ორი ასაკოვანია: 78 წლის ქალი, რომელსაც გადატანილი აქვს ინსულტი, აღენიშნება გულის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია; ასევე, 63 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა, გია კიკაბიძის თქმით, მძიმე იყო და ახლა, შედარებით გაუმჯობესდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ დროისთვის ერთდროულად 130 კოვიდინფიცირებულის მიღება შეუძლია, საავადმყოფოში 105 საწოლი და 25 ადგილია რეანიმაციაში, თუმცა დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად დაიტვირთება უახლოეს დღეებში და აქ იქნება 170 საწოლი.

„25 ახალი სუნთქვის აპარატი გვაქვს. საბედნიეროდ, ახლა არც ერთი არ გვჭირდება. თუ ჟანგბადის მიწოდება სჭირდება პაციენტს, ნიღბით ვაწოდებთ“, – ამბობს გია კიკაბიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტების რეკორდული მაჩვენებელია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კადრების დამატებაც დასჭირდა:

„ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ვიცით, რომ ომში ვართ. ჯერჯერობით მედპერსონალი უმკლავდება და, ასევე, ვამატებთ მედპერსონალს. ჩვენი შიდარესურსებით ვცდილობთ შევსებას, გარედანაც მივიღეთ რამდენიმე ექთანი და სანიტარი. მივიღეთ უმცროსი ექიმები, რომლებიც ექიმებს ეხმარებიან“, – გვითხრა გია კიკაბიძემ.

მისივე თქმით, პალატები, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ერთ და ორსაწოლიანია.

„ოჯახის წევრები ერთად არიან, ცოლ-ქმარი თუ ხვდება კლინიკაში, ერთად არიან პალატაში. ჩვენ გვაქვს ორ და ერთადგილიანი პალატები, ასე, რომ ორზე მეტი პაციენტი ჩვენთან პალატაში არ წევს“, – ამბობს გია კიკაბიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: