მთავარი,სიახლეები

რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

07.09.2020 • 1455
რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა და ქედის რამდენიმე სოფელში 14 და 15 ივნისს მოვიდა.

„…ისეთი სეტყვა იყო, არაფერი ჩანდა,“ – გვიყვება ნანა შაინიძე მთისუბნიდან. -„როცა გავიხედე გარეთ, სულ განადგურებული იყო ყველაფერი, ვტიროდი… არც ლობიო მოვიდა, არც პომიდორი, კიტრი, კარტოფილიც დაზიანდა, ხილიც არაა, ვყიდულობთ ხილს, მაგრამ რამდენს იყიდი? ჩემი შვილები ერთი მეორეკლასელია, მეორე – 5 წლის, სოციალური დახმარებაც ახლა შეჩერებული გვაქვს.“

ხულოს მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ზარალი უკვე დათვლილია და ოჯახები მალე მიიღებენ კომპენსაციას. აქ ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი თითქმის 3 თვე ზარალის დასათვლელად და კომპენსაციის გასაცემად.

ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში სეტყვის შედეგად 587 ოჯახი დაზარალდა, კიდევ სამი ოჯახი კი – ქარიშხლისგან. სეტყვისგან დაზარალებულები სარეზერვო ფონდიდან ჯამში 235 909 ლარს მიიღებენ, ქარიშხლისგან დაზარალებულები – 11 306 ლარს.

კომპენსაცია არ მიუღიათ ქედაშიც. აქ დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მცხოვრები ოჯახები დაზარალდნენ სეტყვისგან. ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე ვერ ამბობს, კონკრეტულად როდის მიიღებენ კომპენსაციას დაზარალებულები. მისი თქმით, ამ დრომდე ტექნიკური დეტალები ზუსტდება.

„ზარალის დათვლის პროცესი უკვე დასრულებულია. ჯამში სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს 260 ათას ლარამდე და ახლა ზუსტდება ტექნიკური დეტალები – ანგარიშის რომელ ნომერზე უნდა ჩაერიცხოს თანხა, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ეს ოჯახები დახმარებას მიიღებენ,“ – გვითხრა ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ.

სეტყვის შედეგად შუახევში ძირითადად ორ სოფელში დაზარალდნენ. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, 199 ოჯახს უკვე მისცეს კომპენსაცია – ჯამში 70 637 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: