ბათუმი,მთავარი,სიახლეები

თვალის ჩაკვრა და შეჯიბრი ხელების დაბანაში – ახალი თამაშები საბავშვო ბაღებისთვის

02.09.2020 • 1662
თვალის ჩაკვრა და შეჯიბრი ხელების დაბანაში – ახალი თამაშები საბავშვო ბაღებისთვის

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ბაღებმა, ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ბავშვი სიმპტომების გამოვლენისთანავე დროებით უნდა გადაიყვანონ საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;

მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;

დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მათ შორის მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლებისა და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

ბაღის ადმინისტრაციამ აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი უნდა გადაამზადოს (მათ შორის, COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;

ბაღებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;

იკრძალება სახლიდან სათამაშოების მოტანა; ბაღში ხმარებიდან უნდა ამოიღონ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება.

ბაღებმა უნდა მოახერხონ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის იმგვარი თამაშების დანერგვა, როგორიცაა, მაგალითად:

  • შეჯიბრი ხელების დაბანაში
  • მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა
  • სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე
  • როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ
  • უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.

ბაღებმა ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს უნდა გამოიყენონ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამი იყოს;

ამასთან, ბავშვებს ხელები უნდა გაუმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად რეკომენდებულია არა უმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. ამასთან, მასწავლებლებს და ძიძებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში.

მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები; ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილი უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებებს (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) უნდა იყენებდნენ სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.

ბაღებში თეთრეული უნდა გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით; ნახმარი თეთრეული უნდა შეგროვდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება.

იკრძალება ასევე, აღმზრდელის, მასწავლებლის და ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები.

 

კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ, პირველ სექტემბერს, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, კერძო საბავშვო ბაღები მზად არიან შეასრულონ პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები და საჯარო ბაღების გახსნას არ უნდა ელოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, კერძო და საჯარო ბაღები, კერძო და საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კინოთეატრები და თეატრები, შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

იმისათვის, რომ დადებითი დასკვნა მიიღონ ამ დაწესებულებებმა, ანუ საქმიანობა განაახლონ, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: