მთავარი,სიახლეები

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს

15.07.2020
მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი ისევ მერაბ ხალვაშია. იგი 2016 წლიდან  იკავებს ამ პოსტს.

ხალვაში ფარული კენჭისყრით 11 წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა მისცა ხმა.

არჩევნები ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რექტორობისთვის ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი იბრძოდა. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინა.

პირველად პრეზენტაცია მერაბ ხალვაშმა ჩაატარა.

სამოქმედო გეგმა ერთგვარი შეჯამება იყო მისი რექტორობის დროს უნივერსიტეტის მიღწევებისა. სამომავლო გეგმებში კი აქცენტები თითქმის ყველა მიმართულებით გააკეთა, მათ შორის, ინგლისურენოვანი პროგრამების დამატებაზე, უნივერსიტეტის თანამედროვე აუდიტორიებით და ლაბორატორიებით აღჭურვასა და ახალი კორპუსის მშენებლობაზე.

საბჭო ერთი საათის განმავლობაში უსმენდა მას და საბჭოს 11 წევრიდან მერაბ ხალვაშს მხოლოდ ექვსმა წევრმა დაუსვა კითხვა.

აკადემიური საბჭოს წევრმა ენვერ ხალვაშმა მერაბ ხალვაშს ურჩია, იმ ლექტორებს, რომლებიც ინგლისურენოვან პროგრამებზე ატარებენ ლექციებს, ხელფასი გაუზარდოს.

მეორე კითხვა აკადემიური საბჭოს წევრმა მამია ფაღავამ დასვა. მისი კითხვა ბსუ-ს სამეცნიერო ჟურნალს ეხებოდა, რომლის შექმნაც თავის სამოქმედო გეგმაში მერაბ ხალვაშმა დაასახელა.

რამდენიმე კითხვა ჰქონდა აკადემიური საბჭოს კიდევ ერთ წევრს რუსუდან ხუხუნაიშვილს. ის დაინტერესდა, როგორ გაიცემა უნივერსიტეტში შიდა გრანტები და ასევე, დასაქმების ბაზრის შესწავლა.

„როდესაც საუბრობთ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში პროფესორების ჩართვაზე, რეალურად ვხედავთ, რომ ისინი ჩართული არ არიან”, –  საყვედურნარევი შენიშვნა მისცა რუსუდან ხუხუნაიშვილმა მერაბ ხალვაშს.

„კვლევითი ინსტიტუტების პრობლემას ასე კარგად თუ ხედავდით, არ ვიცოდი”, – უთხრა ზურაბ მიქელაძემ მერაბ ხალვაშს. მიქელაძე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს წარმოადგენს აკადემიურ საბჭოში. მას შენიშვნები ჰქონდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ბსუ-ს შერწყმის გაჭიანურებულ პროცესთან დაკავშირებით.

ასევე, მან რექტორობის კანდიდატს ჰკითხა, რამდენად გაუძლებდა ბსუ ქუთაისის ახალი უნივერსიტეტის კონკურენციას. “ქუთაისის უნივერსიტეტი წაგვშლის,” – გამოთქვა მან ვარაუდი.

თუმცა მერაბ ხალვაშმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ ბსუ “ღირსეულად ჩაებმება კონკურენციაში და გაუძლებს”.

აკადემიური საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, პაატა აროშიძემ რექტორობის კანდიდატს ჰკითხა, თუ რაში სჭირდებოდა უნივერსიტეტს პროფესიული სწავლების პროგრამა და რატომ უთმობდა მათ თავის აკადემიურ სივრცეს.

მერაბ ხალვაშმა მას უპასუხა, რომ დასავლეთის უნივერსიტეტში ეს მიღებული წესია და სამომავლოდ შეიძლება პროფესიული პროგრამები საუნივერსიტეტო კოლეჯის სახით ჩამოყალიბდეს.

ინგა შამილიშვილმა სამოქმედო გეგმა განათლების ხარისხის ჭრილში წარმოადგინა. მან თავისი დრო ძირითადად სწავლა-სწავლების პრინციპებისა და პროგრამულ განვითარებაზე საუბარს დაუთმო.

შამილიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ბრუნდებიან სამშობლოში, ვერ ახერხებენ საგანმანათლებლო სივრცეებში შესვლას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა ასეთ ახალგაზრდებს შანსი მისცეს.

აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან ინგა შამილიშვილს კითხვები მხოლოდ ორმა წევრმა დაუსვა.

კანდიდატების მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა. სწორედ ამ კენჭისყრის შედეგად აირჩიეს ახალი რექტორი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: