ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორ შეცვლის ავტობუსის ხაზი მოძრაობას ბათუმის ქუჩებზე

07.06.2020 • 3409
როგორ შეცვლის ავტობუსის ხაზი მოძრაობას ბათუმის ქუჩებზე

ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. Bus lane-ის დახაზვის შემდეგ კი, ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება რამდენიმე ქუჩაზე შეიცვლება.

Bus lane-ი დაიხაზება გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან [ბათუმი მოლიდან] გორგილაძის ქუჩაზე – ტროტუარის გასწვრივ – ბარათაშვილის ქუჩამდე [ცირკამდე]. აქედან ხაზი ბარათაშვილის ქუჩის ტროტუარის გასწვრივ გაგრძელდება ზუბალაშვილის ქუჩამდე და აქ შეწყდება.

მეორე ხაზი დაიწყება ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარის გასწვრივ, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე. შემდეგ აქედან ხაზი გაგრძელდება არა ტროტუარის, არამედ გზის გამყოფი ზოლის გასწვრივ [თი ბი სი ბანკის მხარეს] თავდადებულის ქუჩამდე, აქედან კი ავტობუსის ხაზი გაგრძელდება გზის გამყოფის მეორე მხარეს – წრიულამდე [წერეთლის ქუჩის დასაწყისამდე].

ავტობუსის ხაზის მონიშვნის შემდეგ, ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩაზე – ჯავახიშვილიდან ბარათაშვილის მიმართულებით [ცირკამდე], ამ ზოლში მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს. ანუ გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი გახდება [გარდა ავტობუსებისა].

მოძრაობა აიკრძალება ასევე ჭავჭავაძის ქუჩის ცალ მხარეს – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], სადაც მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ.

შესაბამისად, ავტობუსის ხაზის გასწვრივ, ტროტუარებთან, გაუქმდება ავტოპარკინგი.

ავტობუსის ხაზზე, მოძრაობის მიმართულებასა და საგზაო ნიშნების განლაგებაზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

Bus lane-ბის მოწყობის პარალელურად იგეგმება მოძრაობის მიმართულების შეცვლა პუშკინისა და გორგასლის ქუჩებზე:

პუშკინის ქუჩა [„კარფურიდან“] ლორიას ქუჩიდან 26 მაისამდე იქნება ცალმხრივი და ავტომობილები ამავე მიმართულებით იმოძრავებენ [ანუ, საპირისპიროდ, 26 მაისის ქუჩიდან „კარფურისკენ“ ლორიას ქუჩამდე, მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე არ იქნება].

გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგეგმება რუსთაველის ქუჩაზე არსებული გამყოფი ზოლის გაჭრაც გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში [ამ ადგილზე ჯერ გზის სავალი ნაწილი-ქვაფენილი უნდა აღდგეს]. შესაბამისად, გრიბოედოვის ქუჩაც გახსება ცალმხრივი ჭაჭავაძიდან რუსთაველამდე მონაკვეთში და ტრანსპორტი ამ მონაკვეთში მხოლოდ ჭავჭავაძიდან რუსთაველის ქუჩისკენ იმოძრავებს. ანუ, რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვზე ტრანსპორტი ვერ გადმოვა.

იქ სადაც გაიხსნება გზაგამყოფი, განთავსდება შუქნიშანი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ იმოძრაონ როგორც მარჯვნივ რუსთაველის მიმართულებით, ასევე მარცხნივ ახალი ბულვარის მიმართულებით.

ასევე დაგეგმილია ჯავახიშვილის ქუჩის გაჭრაც [ყოფილი სასამართლოს შენობის მიმდებარედ, ამავე შენობიდან პოლიციის სამმართველოს მიმართულებით], თუმცა, აქ ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს.

ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლის მოწყობა თავდაპირველად ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე იგეგმებოდა, თუმცა მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან აღმაშენებლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და ქუჩა გადათხრილია.

ვრცლად ამ თემაზე:

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: