მთავარი,სიახლეები

თურქეთში დასაქმებული ქალების მეორე აქცია „ქართული ოცნების” ოფისთან ბათუმში

05.06.2020
თურქეთში დასაქმებული ქალების მეორე აქცია „ქართული ოცნების” ოფისთან ბათუმში

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, თურქეთის ქალაქ ქემალფაშაში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქალებმა აქცია გამართეს. კორონავირუსის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ეს ქალები უმუშევრები დარჩნენ. ისინი მთავრობისგან ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ. საქართველოს მთავრობას თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ ან შემოსავალი ჰქონდათ და დაკარგეს, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება აქვს გათვალისწინებული.

ამ კომპენსაციის მიმღებთა შორის, ჯერჯერობით, ვერ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ.

ქემალფაშაში დასაქმებულ ქალებს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე შეხვდა.

„გასაგებია პრობლემა, რომელიც წამოაყენეს. დადგენილება, რომელმაც გამარტივებულად განსაზღვრა ის ნაწილი, რაც უკავშირდება ე.წ. 300-ლარიან კომპენსაციას, მინიმალური ცნობის წარდგენა იყო საჭირო მათ დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით. თუმცა აღმოჩნდა მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ქვეყნის გარეთ  იყო  დასაქმებული, აქედან გამომდინარე მათ გაუჭირდათ ამ ცნობის წარმოდგენა. ამიტომ მათი [ქალების] თხოვნის საფუძველზე მე ვუშუამდგომლებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ მოხდეს მათი მოთხოვნების გათვალისწინება,“ –  თქვა ზაალ მიქელაძემ.

აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.  აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს კომპენსაციასთან ერთად საბანკო ვალდებულებების გადავადებაში დახმარებაც სთხოვეს.

„პურის ფული არ არის და ბანკის  ფულს როგორ შეიტანს ადამიანი,“ –  ჰკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ბანკებთანაც და კომპენსაციის ნაწილშიც გპირდებით, რომ მოგეხმარებით,“ –  უთხრა პასუხად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: