Batumelebi | როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო – Batumelebi
RU | GE  

როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო

Covid 19-ის პანდემიის დროს საყოველთაო კარანტინის და ფიზიკური დისტანცირების შედეგად გაჩერებული ეკონომიკის გამო, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. კორონავირუსის კრიზისი ყველაზე მძიმედ ღარიბ ქვეყნებს დააწვება, სწორედ ამიტომ გაერო ქვეყნებს სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

როგორია რუსეთის რეალური როლი გლობალური სოლიდარობის აქტში და რამდენად შეესაბამება ის პრორუსული მედიით გავრცელებულ სურათს? 

წაიკითხეთ: რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში

ცხადია, დასავლეთის, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც აქტიურად იყენებს. შესაბამისად, ვირუსის მასიურ გავრცელებასთან ერთად, იმატა COVID 19-ის შესახებ დეზინფორმაციის ნაკადმაც. უამრავი ვერსია გავრცელდა ვირუსის “საეჭვო/მასონურ” წარმოშობაზე, მის “რეალურ დანიშნულებაზე” და ასე შემდეგ. როიტერსი“ წერდა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია მავნებლურ რეპორტებს იყენებს, ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ მოქმედების კოორდინირება რომ გაურთულოს.

 

როგორ დაეხმარა რუსეთი თანამეგობრობას

როგორ წარმოაჩინა რუსეთმა თავისი სახე გლობალური სოლიდარობის აქტში? ამ ქვეყნის ფულადი კონტრიბუცია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ონლაინ სივრცეში ძნელად იძებნება. რუსული ინტერნეტმედია ძირითადად იმაზე წერს, რომ რუსეთი პარტნიორ თუ სტრატეგიულ ქვეყნებს ეხმარება სამედიცინო აღჭურვილობით და სამხედრო მედიკოსების მივლინებით. აპრილის თვის დასაწყისში, როცა რუსეთში ჯერ კიდევ არ მძვინვარებდა პანდემია, სახელისუფლებო მედია წერდა, რომ რუსული მხარე არ ტოვებს სხვა სახელმწიფოებს გასაჭირში. რუსეთის “მომხმარებელთა უფლებებსა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის,

Роспотребнадзор”-ის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე, 1-2 თებერვალს, რუსეთმა ინფიცირებულთა გამოსავლენი ტესტ-სისტემები მიაწოდა თავის მოკავშირე ქვეყნებს – ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, იგივე დსთ-ს ქვეყნებს. ამ გაერთიანებაში დღეს 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა გაერთიანებული: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და თავად რუსეთი.

როსპოტრებნადზორის ცნობით, რუსეთმა პარტნიორ ქვეყნებს გადასცა ახალი კორონავირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებები, რომლებიც რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ცენტრია “ვექტორის”  მიერ არის შექმნილი”. 

ქველმოქმედების სახელით გამართულ პიარკამპანიაზე პრეტენზიების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი კომერსანტთან ამბობს, რომ ამერიკას, იტალიასა და სხვა ქვეყნებს იმიტომ ეხმარებიან, რომ ისინი “მაინც გარკვეული ტრადიციების, მათ შორის სულიერი ტრადიციების ხალხია”. 

სერგეი ლავროვი დასძენს, რომ რუსეთი დსთ-ს ქვეყნების მსგავსად, ტესტ-სისტემების, რესპირატორებისა და სხვა ინვენტარით ეხმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – “ახლა კიდევ შემოვიდა დამატებითი მომართვები მათგან – ყველა განიხილება. არც ერთი მომართვიდან, იქნება ეს დსთ-ს ქვეყანა, აფხაზეთი თუ სამხრეთ ოსეთი, არ დარჩება უყურადღებოდ”.

7 მაისს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია „კრიზისული ჯგუფმა“ (International Crisis Group/ICG) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში Covid 19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარება მიმოიხილა.

ამ მიმოხილვის თანახმად:

„დე ფაქტო სახელმწიფოებს შორის სამხრეთ ოსეთი უკიდურესად სუსტადაა ეკიპირებული. რეგიონის რამდენიმე ექიმიდან ერთ-ერთმა უარი თქვა მუშაობაზე საავადმყოფოში ძირითადი დამცავი საშუალებების არარსებობის გამო… რუსეთმა, რომელიც [ზოგადად] რეგიონის საჭიროებების უმრავლესობას აკმაყოფილებს, მარტის დასაწყისში სამედიცინო მარაგების ექსპორტი შეწყვიტა“. 

„ვერ ვბედავთ, რომ ადგილობრივ ექიმებთან მივიდეთ ტესტირებისთვის”, – ეს „კრიზისულ ჯგუფს“ უთხრეს ცხინვალში.

სოხუმს კი რუსეთმა მიაწოდა 500-მდე სატესტო კომპლექტი Covid 19-ის დიაგნოსტირებისთვის და ჯარისკაცები გაგზავნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სადეზინფექციოდ. „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მაგრამ ნამდვილად მეტი დახმარება გვჭირდება“, – უთხრა ორგანიზაციას ადგილობრივმა ჩინოვნიკმა. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში ითხოვა დახმარება, რის შემდეგაც: გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიაწოდა აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეძენილი სამედიცინო აღჭურვილობის 12 000-ზე მეტი პაკეტი.

რუსეთის ინტერესები კვლავინდებურად მაღალია აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, მან, მაგალითად სერბეთში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, პანდემიასთან საბრძოლველად სამხედრო მედიკოს-ვირუსოლოგები და სამედიცინო ინვენტარი მიავლინა. რუსული დამოუკიდებელი მედია, Novaya Gazeta წერს, რომ 3 აპრილს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადის მახლობლად, ბატანიცას სამხედრო საჰაერო ბაზაზე დაეშვა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76, ეპიდემიოლოგიური დიაგნოზირებისა და სადეზინფექციო ღონისძიებების ჩასატარებელი აღჭურვილობით დატვირთული.

მთლიანობაში, რუსეთის სამხედრო ავიაციამ 14 ფრენა შეასრულა ბელგრადის მიმართულებით – ჩაიყვანა 87 სამხედრო მედიკოსი, ასევე 24 სამხედრო და ჩაიტანა სამედიცინო აღჭურვილობა და 21 ერთეული სამხედრო ტექნიკა.  

პრორუსული მედია, ევროპაში პანდემიის პიკის ეტაპზე აქტიურად წერდა იმაზე, რომ ევროკავშირი არაეფექტური ორგანიზაციაა და ის არ ეხმარება გაჭირვებაში მყოფ პარტნიორ ქვეყნებს. მაშინ, როცა სერბეთში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციით, ევროკავშირმა კორონავირუსთან საბრძოლველად სერბეთს 93 მილიონი ევრო გამოუყო. აქედან 15 მილიონი ევრო დაუყოვნებლივი ზომების გასატარებლად, როგორიცაა – სერბეთის მიერ სხვა ქვეყნებიდან შეძენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღჭურვილობისა და ინვენტარის ტრანსპორტირება; სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა და სხვა. ხოლო 78 მილიონი ევრო გამიზნულია სერბეთში სამუშაო ადგილების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, გაეროს ინფორმაციით, Covid19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად საჭირო კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული პირველი თვითმფრინავი, გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ბელგრადში ჯერ კიდევ 26 მარტს ჩაფრინდა. ინვენტარი მოიცავდა რესპირატორებს, სამედიცინო დამცავ აღჭურვილობას და ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ტესტებს. ეს გაეროს განვითარების პროგრამის 7.5 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილია, რაც გამიზნულია სერბეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისებთან გამკლავებისთვის.

მარტის თვეში, რუსეთმა კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას – მოლდოვას, მის პრო-რუს პრეზიდენტ იგორ დოდონთან შეთანხმების შედეგად, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესამცირებლად 200 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო, თუმცა უკვე აპრილში მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის მიერ გამოყოფილი 200 მილიონი ევროს სესხი დაბლოკა, მიზეზად კი სესხის ზოგიერთი სადაო პირობა დასახელდა. სესხის შეთანხმებას მოლდოვის პარლამენტის 101 წევრიდან 56-მა მისცა ხმა. ოპოზიციამ სასამართლოში გააპროტესტა, რომ მოლაპარაკებები არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა. მაგალითად, მოლდოვური გამოცემა BalkanIinsight წერს, რომ შეთანხმების ერთ-ერთი დებულების მიხედვით, მოლდოვაში კერძო კომპანიის მიერ რუსული ბანკისგან აღებული ნებისმიერი სესხი, რომელიც მოლდოვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია, ავტომატურად გადაიქცევა მოლდოვას სახელმწიფო ვალად, თუ მას კერძო კომპანია არ დაფარავს. 

რესპირატორი “ლეპესტოკი”

ბელარუსთან მიმართებაში, რომელთანაც რუსეთს განსაკუთრებული ინტერესი აკავშირებს, რუსეთმა დამატებით 50 000 “მაღალი დაცვის მქონე” რესპირატორი “ლეპესტოკი” (ერთჯერადი დამცავი პირბადე) და 14 ათასი ტესტი გააგზავნა გამოკვლევისთვის. ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს რუსეთის ელჩი ბელარუსში.

  • ვინ რა დახმარება მიიღო ევროკავშირისგან?

პანდემიისა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ევროკავშირმა სოლიდარობის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც უკვე ამოქმედდა მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

ამავდროულად, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირს 15.6 მილიარდი ევროს პაკეტი აქვს განსაზღვრული. აქედან 2,1 მილიარდი ევრო – სამხრეთ სამეზობლოსთვის, 962 მლნ ევრო – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 800 მლნ ევრო კი – თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხები კი ასე ნაწილდება:

  • სომხეთი – 92 მილიონი ევრო
  • აზერბაიჯანი – 14 მილიონი ევრო
  • ბელარუსი – 60 მილიონი ევრო
  • საქართველო – 183 მილიონი ევრო
  • მოლდოვა – 87 მილიონი ევრო
  • უკრაინა – 190 მილიონი ევრო

გარდა ამისა, ევროკავშირმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყო 30 მილიონი ევროს ღირებულების საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობა და მოწყობილობები – ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, რაზეც საქართველოსაც ექნება წვდომა.

wyaro: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/sites/near/files/coronavirus_support_wb.pdf

 

რა დახმარება მიიღო საქართველომ და ვისგან?

დღეს, 9 მაისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა: „დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში“.

ამ დროისთვის ევროკავშირმა უკვე გამოყო საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი გრანტის და 150 მილიონ ევროზე მეტი – სესხის სახის დახმარება. უკვე ხორციელდება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ორი პაკეტი, რომელთა ღირებულებაც 250 მლნ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოსთვის მესამე პაკეტის სახით დამატებით 150 მლნ ევროს გამოყოფას აპირებს.

 პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა დაახლოებით 20 მილიონი ევროთი  გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში.  მეორე პაკეტი გამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისთვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით, კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება. 150 მილიონის ევროს რაოდენობის სესხი ევროკომისიის მიერ გამოცხადებული მესამე პაკეტია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მომდევნო თვეებში საქართველოს შემთხვევაში „მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად“.

გარდა ამისა,  პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად აშშ-მ  $1.1 მილიონი გამოყო, რითაც ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები, ასევე ტექნიკურ ექსპერტთა მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა საჭირო ღონისძიებები ფინანსდება. მოგვიანებით ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 გამოყო, რომელიც COVID 19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უნდა მოხმარდეს.

საქართველომ აშშ-სგან 2000 ერთეული, მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტიც მიიღო, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა.

კორონავირუსის მიღმა, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად 64 მლნ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს. მათივე ცნობით, ეს დაფინანსება აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.

_________

აქ მოკლედ გაეცანით, როგორ „დაეხმარა“ რუსეთის იტალიას თუ ამერიკას და რა მოითხოვა სანაცვლოდ:

დსთ-ს ქვეყნების გარდა, რუსეთმა ძალიან ხმამაღალი პიარკამპანია მოაწყო იტალიისა და აშშ-სთვის დახმარების გაწევის შესახებ, სადაც რამდენიმე უცნაური გარემოება გამოიკვეთა:

იტალია – მარტის შუა რიცხვებში რუსეთმა იტალიას, რომელიც იმ დროისთვის პანდემიის პიკში იმყოფებოდა, დახმარების სახით, 100 რუს სამხედრო მედიკოსთან ერთად, 14 თვითმფრინავით გაუგზავნა მედპერსონალის დაცვის საშუალებები, ტრანსპორტისა და ტერიტორიის დეზინფექციისთვის კამაზის ბაზის აეროზოლური მობილური კომპლექსები, ასევე სამედიცინო და სხვა სახის აღჭურვილობა. რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის იტალიისგან ოფიციალური მადლობა მიიღო, თუმცა იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან იტალიაში დასახმარებლად გაგზავნილი საშუალებების 80% უვარგისია. იტალიური გაზეთი La Stampa თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დახმარების 80% უვარგისი გამოდგა.

12 აპრილს, საინტერესო ფაქტზე წერს იტალიური გამოცემა La Repubblica, რომლის ცნობითაც, რუსი მოქალაქეები, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ, სთავაზობენ ნაცნობ იტალიელებს, მონაწილეობა მიიღონ „რუსული მედიის“ ვიდეოში და მადლობა გადაუხადონ რუსეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. როგორც La Republicca წერს, იტალიის მცხოვრებლებს შეტყობინებები Whatsapp-ში მიუვიდათ, სადაც პუტინისა და რუსეთის სამადლობელი ვიდეობის გადაღება-განთავსებაში 200 ევროს სთავაზობდნენ.

მოგვიანებით იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტემ თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან დახმარების მიღება არ ნიშნავს, რომ იტალია საგარეო კურსს შეიცვლის.

მინაწერი: რუსეთმა აშშ-ში, კორონავირუსის გამო, ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

მინაწერი: რუსეთმა აშშ-ში, კორონავირუსის გამო, ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

აშშ – რუსეთის სამთავრობო მედია და ბლოგერები, აპრილის დასაწყისში იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა აშშ-ში სამედიცინო მოწყობილობებითა და სხვა საჭირო ინვენტარით დატვირთული თვითმფრინავი “რუსლანი” გაგზავნა. 1-ელ აპრილს პროსახელისუფლებო მედია სპუტნიკი წერდა, რომ რუსეთიდან აშშ-სკენ, ძვირფასი ტვირთით – პირბადეებითა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავი “Руслан” გაფრინდა. ამ და სხვა გამოცემებში, აშშ-სკენ გაგზავნილი ტვირთი მოხსენიებული იყო როგორც “ჰუმანიტარული დახმარება”, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტვირთი აშშ-სთვის უფასო არ იყო და “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთმა ამერიკას ამ “ჰუმანიტარული დახმარებისთვის” 660 000 აშშ დოლარის ჩეკი წარუდგინა. იმავეს წერს ბრიტანული BBC და ამერიკული abcnew.

ABC-ს ცნობით, “დახმარება” შეიცავდა 15 000 რესპირატორს, 80 000 შეკვრა კანის ანტისეპტიკს, 30 000 ქირურგიულ ხელთათმანს და დაახლოებით 400 000 ერთეული სამედიცინო ტანსაცმელს. ტვირთი ასევე შეიცავდა 45 ერთეულ ხელოვნური სუნთქვის მოწყობილობას, რომელთა გამოყენებაც დაუყოვნებლივ ვერ მოხერხდა, რადგან მუშაობისთვის მათ 220 ვოლტი ესაჭიროებათ, აშშ-ში კი ტექნიკა 110 ვოლტზე მუშაობს.

რუსეთის საგარეო მინისტრმა თქვა, რომ აშშ-მ გადაიხადა ტვირთის მხოლოდ ნახევარი, ნახევარი კი რუსეთმა დაფარა – წერს BBC.

პირველ აპრილსვე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერზე:

ამავდროულად რუსეთმა, ქვეყნის შიგნით, პანდემიის პერიოდში დეზინფორმაციასთან ბრძოლა გამოაცხადა. ინტერფაქსი ცნობით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор) 18 მარტს გააფრთხილა მედია ორგანიზაციები, რომ კორონავირუსის შესახებ არასანდო ინფორმაციის გავრცელების გამო, რაც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ისინი დაიბლოკებიან ან ჩამოერთმევათ ლიცენზია.

რუსეთი დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად 10 000-ით მატულობს და ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა  – 198 676 -ია, აქედან 1 827 გარდაიცვალა,  31 916 გამოჯანმრთელდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან