განათლება,სიახლეები

ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ონლაინსწავლება ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს

22.04.2020
ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ონლაინსწავლება ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს

„ბათუმელებს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ, რომლებმაც მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში ამ დრომდე არ მიმდინარეობს ონლაინსწავლება.

„მხოლოდ ფორმალურად განაცხადეს. გარდა ამისა, როგორც ზოგიერთი ლექტორი გვეუბნება, გასაცემია ხელფასების ძველი დავალიანება. საკმაოდ დიდი თანხა“, – გვწერს პირი, რომელიც ამბობს, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია.

უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი ოფიციალურად 1-ელ მარტს შეაჩერა. ამის შესახებ ვებგვერდზეც აქვს ინფორმაცია განთავსებული. შემდეგი ინფორმაცია კი განთავსებულია 10 აპრილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე ეტაპობრივად გადავა.

„დისტანციური სწავლების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას გარკვეული დრო დასჭირდა, შესაბამისად უნივერსიტეტში დისტანციურ სწავლაზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად, სპეციალობების მიხედვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარეობს თუ არა რეალურად დისტანციური სწავლება უნივერსიტეტში? – ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჩვენი კითხვის საპასუხოდ ფეისბუქზე განთავსებული ინფორმაციის ბმული მოგვაწოდა, სადაც წერია, რომ უნივერსიტეტში დისტანციური ფორმით სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე 1 საათის წინ გამოქვეყნდა.

დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ამავე უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს, რაჟდენ ფუტკარაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტი ონლაინსწავლების ფორმატზე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან უნდა გადავიდეს.

„მე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტშიც ვასწავლი და აქ კარგად მიმდინარეობს ონლაინსწავლების პროცესი. რაც შეეხება ხიჭაურს, ზუსტდება სტუდენტთა სიები და ორშაბათიდან გადავდივართ ონლაინსწავლებაზე, რადგან აქამდე ტექნიკური პრობლემები იყო მოსაგვარებელი“, – გვითხრა რაჟდენ ფუტკარაძემ.

კითხვაზე, თუ არის ცნობილი, რამდენ სტუდენტს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, რაჟდენ ფუტკარაძე ამბობს, რომ შესაძლოა 50 პროცენტს.

„ალბათ 50 პროცენტს არ ექნება წვდომა ინტერნეტთან, ამიტომ მათთან სხვა საშუალებით ვიკონტაქტებთ, ელექტრონული ფოსტით მივაწვდით დავალებებს სმს-ით და ა.შ. ჩემს სტუდენტებს უკვე მივეცი დავალება და ორშაბათისთვის დრო დავუნიშნე. თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ, პროგრამას ივნისში ამოვწურავთ“, – გვითხრა მან.

რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, ამ კითხვაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან კომენტარი ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: