მთავარი,სიახლეები

„სასუქი გვჭირდება, არ გვიშვებენ“ – ქობულეთის ჩაკეტილი სოფლის პრობლემა

22.04.2020
„სასუქი გვჭირდება, არ გვიშვებენ“ – ქობულეთის ჩაკეტილი სოფლის პრობლემა

„…გაზაფხულია. ახლა უნდა მანდარინს და თხილსაც სასუქი, რომ მოსავალი გქონდეს. სასუქის ყიდვა ადგილზე შეუძლებელია, სხვაგან არ გვიშვებენ,“ – ამბობს ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები რეზო ტაკიძე. მუხაესტატე ერთ-ერთი სოფელია ქობულეთში, სადაც 12 აპრილს მთავრობამ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

რეზო ტაკიძის თქმით, ამ დრომდე საკვები პროდუქტების პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ბოლო დღეებში სოფელში შეტანილი საკვები გაცილებით ძვირია, ვიდრე აქამდე იყო. მოქალაქის თქმით, რწმუნებული კონკრეტულ შემთხვევებში ასევე აძლევს მოქალაქეებს უფლებას, ავტომანქანით მიიტანონ სახლში პროდუქტი ან შევსებული გაზის ბალონი.

„მე არ დამჭირვებია, ფეხით დავდივარ, მაგრამ ვიცი, მეზობელს გაზის ბალონი უნდოდა, ფეხით ხომ ვერ გამოიტანდა ცენტრიდან? შეუთანხმდა რწმუნებულს და მოიტანა მანქანით, მაგრამ ფული აღარაა ხალხში, უმუშევრობაა,“ – აღნიშნა რეზო ტაკიძემ „ბათუმელებთან“.

მუხაესტატეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წელს შესაძლოა ისინი წლების წინ მივიწყებულ საყანე ფართობებს დაუბრუნდნენ, თუმცა მანამდე ჯერ სასუქის პრობლემაა მოსაგვარებელი.

მუხაესტატელი ჯონი გოგიტიძეც მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი პრობლემა სასუქია, რომელიც სოფლებში არ შედის და არც სოფლიდან უშვებენ ვინმეს მუნიციპალიტეტის ცენტრისკენ, სასუქი რომ შეიძინოს.

„პრობლემაა სასუქის ფასიც. ადრეც ვერ ვიხდიდით. წინა წლებშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შემოჰქონდათ ადგილზე სასუქი, განვადებები კეთდებოდა, ახლა არც სასუქია და არც – განვადება,“ – გვიყვება ჯონი გოგიტიძე.

ჯონი გოგიტიძე ამბობს იმასაც, რომ მას ფუტკრისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატების შეძენა სჭირდება, რასაც ასევე ვერ ყიდულობს.

რა გამოსავალს ხედავს ქობულეთის მერია? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტებას დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: