მთავარი,სიახლეები

5 ფილმი მსოფლიო პანდემიებზე

31.03.2020 • 14177
5 ფილმი მსოფლიო პანდემიებზე

კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ფილმების მიმართ, რომლებიც პანდემიას ან ეპიდემიას ეხება. იქნებ სხვა დროს ეს ფილმები ასეთი ინტერესით არც გენახათ, მაგრამ ახლა, საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში ყველაფერი გვაინტერესებს, რაც ვირუსულ ინფექციებს ეხება, ფილმებიც კი. ჩვენ 5 ასეთ ფილმს გირჩევთ.

ინფიცირება

ეს საათნახევრიანი ამერიკული დრამა თითქმის ზუსტად იმეორებს მოვლენათა განვითარების იმ დინამიკას, რასაც დღეს ვხედავთ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში. ფილმი 2011 წელსაა გადაღებული.

სასიკვდილო ვირუსი სწრაფად ვრცელდება ყველა ქვეყანაში, სამედიცინო საზოგადოება ცდილობს, ვაქცინა აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა, რომელიც მთელ მსოფლიოს ვირუსზე სწრაფად მოიცავს.

„დაიბანეთ ხელები, დაიცავით სოციალური დისტანცია“ – ისმის ფილმში ზუსტად ისე, როგორც ეს დღეს გვესმის ინფექციონისტებისგან. ვირუსულ ინფექციას  ხველა, სიცხე და პნევმონია ახასიათებს და მისი აფეთქება იწყება ჰონკონგში.

როგორ წარმოიშვა ვირუსი, ამას ფილმის დასასრულს ვიგებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვირუსის წარმოშობაში ერთ-ერთი „დამნაშავე“ ღამურაა.

1918

ფილმში 1918 წლის ამერიკის ამბებია გადმოცემული. პირველი მსოფლიო ომის პირობებში გერმანელი ემიგრანტები ღალატსა და დივერსანტობაში არიან ეჭვმიტანილები. ახალგაზრდები არმიაში ეწერებიან. ფილმის გმირი, ტეხასის პატარა ქალაქში მცხოვრები ჰორაციო რობედო თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მას ახალგაზრდა მეუღლის, ელიზაბეტისა და მათი შვილის, პატარა ჯენის დატოვება არ სურს.

მალე მთელ ქვეყანას უცნობი გრიპის ეპიდემია მოიცავს და ყველას გეგმა იცვლება. ამერიკაში ესპანური გრიპის პანდემია დაიწყება.

შავი ჭირი

2018 წლის ეს მძაფრსიუჟეტიანი სერიალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პანდემიის, შავი ჭირის შესახებაა. XVI საუკუნის სევილია დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქალაქია და ასეც უწოდებენ – „დიდებული ბაბილონი“. ხალხი აქ უამრავ სხვადასხვა ენაზე საუბრობს, მსოფლიოს ქვეყნებიდან სწორედ აქ იყრის თავს ოქროს მარაგი. დიდებულთა ქალაქ სევილიაში მოულოდნელად ადამიანთა გვამებს პოულობენ. სევილიელებისთვის ეს სამყაროს დასასრულის დასაწყისის ნიშანია.

მოხატული პირბადე 

მოქმედება 1920 წელს ვითარდება. ახალგაზრდა ბრიტანელ ცოლ-ქმარს, ვოლტერს და კიწის ცხოვრება ურთულდებათ. ცოლი ქმარს ღალატობს, ვოლტერი კი გადაწყვეტს ჩინეთის მიუვალ სოფელში გადასახლდეს და ცოლს სთავაზობს დარჩეს საყვარელთან, თუ ის მის გამო ცოლს დატოვებს, რაზეც ქალს საყვარელი არ თანხმდება. ვოლტერი იძულებულია მოღალატე ცოლი ჩინეთში თან წაიყვანოს.

ვოლტერი მედიცინის დოქტორია და ჩინეთის მიყრუებულ სოფელში ქოლერის ეპიდემიით დაავადებულებს მკურნალობს, სადაც ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან ადამიანები.

ესპანური გრიპი

1918 წლის მანჩესტერში ახალგაზრდა გოგო უსულოდ ეცემა და უჩვეულოდ ულურჯდება ყურები და ტუჩები. ექიმ ნივენის აზრით, ეს დიდი ეპიდაფეთქების დასაწყისია.

ექიმი ამბობს, რომ აუცილებელია აიკრძალოს ადამიანების  თავშეყრა, უნდა დაიხუროს სკოლები, შეწყდეს ტრამვაის მიმოსვლა და გაჩერდეს წისქვილები. ირგვლივ კი ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი სისულელე და პანიკაა, მაგრამ მალე ცხადი ხდება, რომ საფრთხე რეალურია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: