მთავარი,სიახლეები

უცხოეთში დარჩენილ ქართველ სტუდენტებს „დიასპორების ალიანსი” ეხმარება

26.03.2020 • 1759
უცხოეთში დარჩენილ ქართველ სტუდენტებს „დიასპორების ალიანსი” ეხმარება

უცხოეთში ჩარჩენილი ქართველი სტუდენტები, რომლებსაც იქ დასარჩენი ფინანსური რესურსი არ აქვთ, სტუდენტები, რომლებმაც დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ბილეთს ვერ ყიდულობენ – კორონავირუსის ეპიდაფეთქების პირობებში მათ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და „ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრი“ აფინანსებს. ორივეს დამფუძნებელი ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, თიკა სვანიძე ვენკოა.

„ძალიან ბევრი სტუდენტი გვიკავშირდება. ჰოლანდიიდან 7 სასოწარკვეთილი სტუდენტი გამოვუშვით, ახლა გერმანიაში მყოფებთან გვაქვს მოლაპარაკებები – ვარკვევთ ვის რა სჭირდება, კავშირი გვაქვს საელჩოსთან. გერმანიაში ბევრი ქართველი სტუდენტია, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენმა ფონდმა დააფინანსა ასევე ავსტრიიდან 5 სტუდენტის ფრენა, მაგრამ კიდევ უამრავია ასეთი“, – ამბობს თიკა სვანიძე ვენკო. „დიასპორების ალიანსს“ ქართველი სტუდენტების დასახმარებლად სპეციალური ანგარიშიც აქვს გახსნილი, რითაც საქველმოქმედო ფონდი დგება.

„დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” დაარსებიდანვე მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში არსებული დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანებას და მათ ჩართვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში. საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაწყდა, რომ დიასპორები ახლა გაერთიანებულიყვნენ უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, მოქალაქეების, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო დაზარალდნენ.

სტუდენტი სალომე ჩანქსელიანიც ერთ-ერთი ასეთი, რომელიც ავსტრიიდან დაბრუნებას ჯერ არ გეგმავდა, მაგრამ მოულოდნელად დაკარგა სამსახური და ავსტრიაში ვეღარ დარჩა. საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი მას ,,დიასპორების ალიანსმა“ დაუფინანსა.

„არ ვიცი, ზუსტად რა ღირდა ეს  ბილეთი, სავარაუდოდ ძალიან ძვირი, რადგან ბარგიანი ბილეთია და როცა მე ვნახე უბარგო, ეკონომკლასის ბილეთიც კი 850 ლარი ღირდა. თიკამ რამდენიმეს დაუფინანსა მგზავრობა, გუშინდელი ფრენაც გამიუქმდა და ახლა ვენა-თბილისის სპეცრეისით წამოვალ 26 მარტს“, – ამბობს სალომე ჩანქსელიანი „ბათუმელებთან“.

,,დიასპორების ალიანსის“ მიზანი, როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, არამხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობაა. ალიანსი აფხაზეთთან და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეწევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საკუთარ მისიად ძირითადად სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფორმაციის გავრცელებას მიიჩნევს.

„დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მზადაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების დასახმარებლად. ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი თანამემამულეების დახმარებაა, რომლებიც უცხოეთში უსახსროდ დარჩნენ, დახმარებას ბევრი საჭიროებს, ჩვენი ფონდი კი ერთია.

უამრავი ადამიანი გვეხმარება ამ საქმეში, მათ შორის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ასევე ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლები. ძალიან გვეხმარებიან ინფორმაციული თვალსაზრისით საელჩოები. გარდა სტუდენტებისა დგას უსახსროდ დარჩენილი ჩვენი ქალების დახმარების აუცილებლობაც. ბევრი მათგანი ეპიდაფეთქების შემდეგ უმუშევარი დარჩა და თავშესაფრის გარეშე. ჩვენ ასეთ ქალებსაც დავეხმარეთ…

ძალიან მინდა ბევრი ჩაერთოს და შემოგვიერთდეს რთული პერიოდის დასაძლევად, ახლა ისე არავის უჭირს, როგორც სამშობლოდან შორს და თანაც უსახსროდ დარჩენილ ადამიანებს“, – ამბობს თიკა სვანიძე ვენკო.


ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში დარჩნენ და დახმარება ესაჭიროებათ, შეუძლიათ მიმართონ ,,დიასპორების ალიანსს საქართველოსთვის“, მეორე მხრივ კი, ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართველი სტუდენტების დასახმარებელ ფონდში, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი:
ლარის ანგარიში- GE37TB7023236080100014
USD ანგარიში- GE44TB7023236180100001
EUR ანგარიში- GE17TB7023236180100002

დანიშნულებაში მიუთითეთ: “შემოწირულობა კორონავირუსით დაზარალებულთათვის”
უცხოეთიდან გადმორიცხვის შემთხვევაში მიუთითეთ შემდეგი მონაცემებიც:
BANK CODE – TBCBGE 22
NAME OF BENEFICIARY – Diasporebis aliansi sakartvelostvis NNLE

თავარი ფოტო: თიკა სვანიძე-ვენკო – „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” დამფუძნებელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: