განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა ასწავლონ პედაგოგებმა ონლაინ – პროფესიული განვითარების ცენტრის შეთავაზება

12.03.2020 • 6822
როგორ უნდა ასწავლონ პედაგოგებმა ონლაინ – პროფესიული განვითარების ცენტრის შეთავაზება

რას სთავაზობს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რა გამოცდილება არსებობს და რამდენად რეალურია არსებული პროგრამების ყველა სკოლაში დანერგვა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა სიხარულიძე საუბრობს.

  • ქალბატონო მარიკა, COVID-19-ის პანდემიამ გვაჩვენა, რომ საჯარო სკოლებს არ აქვს კრიტიკულ ვითარებაში მუშაობის გამოცდილება. დღეს ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს სასწავლო პროცესი სკოლებში. რა შეუძლია შესთავაზოს პედაგოგებს, სკოლას თქვენმა ცენტრმა ასეთი გამოწვევების დროს?

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2016 წლიდან გვაქვს ქართული ენის დისტანციური სკოლა, რომელსაც იყენებენ უცხოეთში მცხოვრები ოჯახები ქართული ენის შესასწავლად. ეს გამოცდილება არსებობს და ამის გადმოტანა შეიძლება ნებისმიერ ფორმატში. პროექტში ჩართულია 32 მასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით და 36 ქვეყანაში 400-ზე მეტ ბავშვს ასწავლიან ქართულ ენას ონლაინ.

ეს არის „მაიქროსოფთ საქართველოსთან“ ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც არსებობს რამდენიმე უფასო რესურსი ვირტუალური საკლასო ოთახისთვის, რომლითაც ხდება ბავშვების თავმოყრა სხვადასხვა ადგილიდან და ტარდება სინქრონული გაკვეთილები.

რა თქმა უნდა, დავალებები იტვირთება პროგრამის მეშვეობით, სადაც ყველაფერია თავმოყრილი: ფაილები, პრეზენტაციები, ტექსტები, ნებისმიერი რესურსი შეიძლება იყოს. უკუკავშირიც ამავე ფორმითაა.

იგივე გამოცდილება გადავიტანეთ მაღალმთიანი რეგიონების ქართულ სკოლებშიც, სადაც მასწავლებლების დეფიციტია და დღეს 50-ზე მეტ სკოლაში ვასწავლით სხვადასხვა საგანს ონლაინ. როცა ერთი ლეპტოპი მაინც არსებობს სკოლაში და ინტერნეტი, იქ შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილების დაგეგმვა.

  • ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეები სკოლაში ერთად არიან და წვდომა აქვთ ინტერნეტთან. როცა სახლში არიან ბავშვები და შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, ამ შემთხვევაში გამოგვადგება ეს გამოცდილება?

ეს ისეთი საკითხია, რომელიც უნდა ვიკვლიოთ. ეს სცილდება ჩვენს კომპეტენციას, თუმცა ჩვენ ეს მოდელი შევთავაზეთ სამინისტროს და ვფიქრობთ ერთად. მასწავლებლები, როგორც ვიცი, სარგებლობენ ინტერნეტის დაბალი ტარიფით და კორპორატიულად არიან ჩართულები ქსელში.

ზოგადად, მასწავლებელთა დეფიციტის შევსების და სხვადასხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, ამაზე დისკუსია ადრეც გვქონდა სამინისტროსთან. ახლა უკვე მან უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმატში შესთავაზონ ეს მოდელი სკოლებს.

  • პედაგოგების რა ნაწილს აქვს ონლაინპროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. გაართმევენ ისინი ამ პროგრამებს თავს?

გეთანხმებით, ჩვენი პედაგოგების უნარები განსხვავებულია. ჩვენი ტრენინგების გავლა თავისუფალია და ვინც რეგისტრირდებოდა, ისინი ფლობენ ამ უნარებს.

გვაქვს ასეთი ვირტუალური საკლასო ოთახი – edmodo, რომელიც გაქართულებულია და ძალიან ბევრი ინფორმაციაა განთავსებული ამ პროგრამაში. გამოიყენებენ თუ არა ამ პროგრამას სკოლები, ეს მათი გადასაწყვეტია.

ბევრი მასწავლებელი აქამდე იყენებდა ამ პროგრამას. ასე, რომ ამ წუთას მარტივად შეიძლება ამ გზამკვლევების სისტემაში თავმოყრა მასწავლებლებისთვის და გარკვეული ინსტრუქტაჟის მიცემა.

  • როდისთვის აპირებთ ამ ინსტრუქტაჟის მიცემას სკოლებისთვის?

ჩვენი შეთავაზებების პაკეტი წარდგენილი გვაქვს სამინისტროში, რამდენიმე უწყებაა ამ პროცესებში ჩართული, მათ შორის „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ და ალბათ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედებთ. ვმუშაობთ ინტენსიურად იმაზე, რომ უფრო მეტი გზამკვლევი და ინფორმაცია გვქონდეს მასწავლებლებისთვის საჭიროების შემთხვევაში.

  • სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და, შესაბამისად, მათ ვერ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან, არც კომპიუტერი ექნებათ სახლში. ამ ჯგუფზე რას ფიქრობთ, მათთვის როგორ გახდით ონლაინგაკვეთილებს ხელმისაწვდომს?

ამ ინფორმაციის თავმოყრა, ვის არ აქვს ინტერნეტი, მგონია მთავრობას არ გაუჭირდება და პრობლემის გადაჭრის გზებსაც გაგვაცნობს. ჩვენ შინაარსობრივ მხარეზე ვმუშაობთ.

ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება „მაიქროსოფთ საქართველოსთან“ და, როგორც ვიცით, Microsoft Teams-ი 6 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში ყველასთვის, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე. დისტანციურ სწავლებას ბევრი სფერო აქვს, ფორმატი დიდია.

EMIS-ს აქვს მასწავლებლებისთვის სისტემა, სადაც ყველა პედაგოგს და მათ შორის მოსწავლეებსაც მინიჭებული აქვთ ე.წ. მომხმარებლის სახელი (user name). თუკი ისინი ჩამოტვირთავენ შესაბამის აპლიკაციას, მათი მომხმარებელი გააქტიურდება. ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, შიგნით უნდა ჩაშენდეს სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია და მასწავლებელმა საფეხურების მიხედვით დაგეგმონ გაკვეთილები.

  • პედაგოგებს აქვთ ამაზე ინფორმაცია, თუ არსებობს მზაობა მათი მხრიდან?

მე ახლაც ხელთ მაქვს 4 ტიპის ფოტო გზამკვლევი და მასწავლებლებს, ვისაც ექნება სურვილი, სიამოვნებით გავუზიარებ, თუ როგორ უნდა გავააქტიუროთ პროფილი თიმსში, როგორ შევქმნათ საგაკვეთილო სივრცე, როგორ ავტვირთოთ მასალები, როგორ დავამატოთ მოსწავლეები და ა.შ.  მერე უკვე მასწავლებლის საქმეა, რა შინაარსით დატვირთავს შიგთავსს.

 

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: