სიახლეები

ბათუმსა და თბილისში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

10.03.2020 • 1836
ბათუმსა და თბილისში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტბანკისა და ონლაინაზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, ორი პირი – 1999 წელს დაბადებული – გ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხოლო 1996 წელს დაბადებული რ.კ. – ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა – რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტკაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული 11 მოქალაქის კუთვნილი ონლაინტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს.

დაკავებულები დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული კიდევ ორი პირი – ე.ვ. და დ.ჭ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ.

დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს.

შს სამინისტრო სინფორმაციით, გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვა შესაძლო დაზარალებული პირების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: