Batumelebi | ბავშვობისას ამერიკაში გაშვილებული ქეთრინი საქართველოში მოხალისედ ჩამოვიდა ბავშვობისას ამერიკაში გაშვილებული ქეთრინი საქართველოში მოხალისედ ჩამოვიდა – Batumelebi
RU | GE  

ბავშვობისას ამერიკაში გაშვილებული ქეთრინი საქართველოში მოხალისედ ჩამოვიდა

ქეთრინ ნინო ლამანა ამერიკული ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეა. ის ორი წელია აჭარაში ინგლისურს ასწავლის, თავად კი ქართულს სწავლობს.

ქეთრინი ამბობს, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს – იგი 1994 წელს თბილისიდან ამერიკაში გააშვილეს.

 

ქეთრინ, მოგვიყევი რას საქმიანობ?

25 წლის ვარ, პროფესიით ინგლისურის მასწავლებელი და ფოტოგრაფი. ამჟამად საქართველოში ვმუშაობ მოხალისედ და ვცხოვრობ აქ, ულამაზეს აჭარაში. მასწავლებლად ვმუშაობ ერთ-ერთი პატარა სოფლის სკოლაში ამერიკულ ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსთან” ერთად. ამ ორგანიზაციას მოხალისეები ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი ეხმარებიან ინგლისურის სწავლაში, აგროკულტურულ სამუშაოებში, ქალების გაძლიერებაში, ახალგაზრდების განვითარებაში… მოკლედ, ძალიან კარგი ორგანიზაციაა და იმისთვის, რომ ამერიკის მოქალაქე მისი მოხალისე გახდე, საკმაოდ ხანგრძლივი და მკაცრი პროცესი უნდა გაიარო.

მე  ყოველკვირეულად ვასწავლი კლასებს ინგლისურ ენას პარტნიორ მასწავლებლებთან ერთად, ვეხმარები მათ გამოიყენონ ინგლისურის სწავლებაში უფრო კრეატიული, ინოვაციური მეთოდები. ასევე ვმუშაობ ახალგაზრდებთან ბათუმში, ჩართული ვარ სხვადასხვა მეორად პროექტებში, სიმართლე გითხრათ, ვცდილობ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ ჩავერთო ისეთ საქმიანობაში, რაც ჩემი მოწოდებაა – ქალების გაძლიერება და ახალგაზრდების განვითარება.

ძალიან საინტერესოა აქ მუშობა, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. თითოეული ჩემი მოსწავლე ყოველდღიურად მაბედნიერებს. მიუხედვად იმისა, რომ აქ მხოლოდ ერთი წელია ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ აქაურებს. აქ კიდევ ერთი წელი დამრჩა და ძალიან დავსევდიანდები, როცა წასვლის დრო მოვა.

როდის და რატომ გადაწყვიტე ჰუმანიტარული მისიით მოგზაურობა?

გარდა ტოიფელის სერტიფიკატისა, მაქვს ფოტოგრაფის ხარისხი, რის შემდეგაც მუშაობა დავიწყე National Geographic-ის ფოტოგრაფის სტუდიაში. ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო ჩემთვის, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჩემი ნამდვილი მოწოდება ადამიანების დახმარება და მოგზაურობა იყო. იქ დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე და საბოლოოდ დავიწყე სამყაროს გარშემო მოგზაურობა, ზურგჩანთით, თანაც დამოუკიდებლად მუშაობით უკეთ განვავითარე ჩემში ფოტოგრაფიის უნარები. ზურგჩანთით ვმოგზაურობდი სამყაროს გარშემო, ვიღებდი პორტრეტებს, პეიზაჟებს… მაგრამ ძირითადად პორტრეტის ჟანრში ვმუშაობ, რადგან ვფიქრობ, უამრავი ადამიანია და ყველა იმდენად სხვადასხვაგვარი, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეგვიძლია – ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული და ძალიან მომწონს ამის აღბეჭდვა  ჩემს პორტრეტებში.

საქართველოში როგორ მოხვდით?

როცა განაცხადი შეგაქვს “მშვიდობის კორპუსში” ან თავად განაწილებენ, რომელ ქვეყანაში იმსახურებ მოხალისედ, ან  თუ გაგიმართლა, კონკრეტული ქვეყნის არჩევის საშუალებაც გეძლევა. როცა დავინახე მოხალისე ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანტური ადგილი საქართველოში, მაშინვე გავიფიქრე – “სასწრაფოდ უნდა შევავსო, აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს”. საქმე ის არის, რომ ინგლისური იქამდეც მისწავლებია სხვა ქვეყანაში, მიცხოვრია საზღვარგარეთ, ამიტომ ეს ჩემთვის ნაცნობი საქმე იყო და ვიცოდი, რომ ნამდვილად გამოსადეგი ვიქნებოდი საქართველოში ახალგაზრდებისთვის, აქაური თემებისთვის და ასევე, იყო ერთი კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მინდოდა ასე ძალიან საქართველოში მოხალისედ წამოსვლა. მე განსაკუთრებული კავშირი მაქვს ამ ქვეყანასთან, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. მე სპეციალურად შევავსე განაცხადი, რომ მემსახურა საქართველოში, რადგან სინამდვილეში, მე საქართველოში, თბილისში დავიბადე 1994 წელს. დაახლოებით 5 თვის ვიქნებოდი, როცა ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გადაწყვიტა ამერიკელი წყვილისთვის მივეშვილებინე. იმ დროისთვის ის უბრალოდ გრძნობდა, რომ ჩემთვის ასე აჯობებდა. საბოლოოდ მე ამერიკაში გავიზარდე. რეალურად სწორედ ესაა, რის გამოც ასე დაინტერესებული ვიყავი საქართველოთი.

როდის გაიგე, რომ წარმოშობით საქართველოდან იყავი?

ჩემი მშობლები შესანიშნავი ადამიანები არიან, მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ საქართველოდან ვიყავი ნაშვილები. მათ არასოდეს ჰქონიათ ჩემთან რაიმე საიდუმლო, ისინი ძალიან პროგრესულები არიან.  არასოდეს ყოფილა მომენტი, როცა არ ვიცოდი, რომ ნაშვილები ვარ, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და სწორი მეთოდია, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების. 

ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა – საინტერესო გარეგნობა გაქვს, საიდან ხარო? როცა ვეტყოდი, რომ ჯორჯიიდან ვარ, მეუბნებოდნენ: “აა, შტატი ჯორჯია, ატლანტა?” “არა, არა, ქვეყანა საქართველოდან” – ვპასუხობდი მე – “ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს”… მთელი ცხოვრება ვუყვებოდი სხვებს საქართველოზე, რაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან თავად არასოდეს ვყოფილვარ აქ, არასოდეს – ზრდასრულ ასაკში. როცა ამ სამსახურის შესახებ შევიტყვე, ვიფიქრე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, ისე მაინტერესებს იმ ქვეყნის ენის სწავლა და კულტურის შეცნობა, საიდანაც მოვდივარ… ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

მართლა მაგარია, საქართველოში რომ “დავბრუნდი” და ენასაც რომ ვსწავლობ, ძალიან წინ წავედი ამ მხრივ. როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველში, ქართული საერთოდ არ ვიცოდი. მე გამოვიყურები, როგორც ქართველი, რადგან ეთნიკურად ქართველი ვარ. მეუბნებიან ხოლმე „რატომ არ იცი, რა იცი, რა იცი“, მე კიდე ბოდიშს ვიხდი ხოლმე – ბოდიში, არ ვიცი. გრძელი ამბავია –  აქედან ვარ, მაგრამ აშშ-ში გავიზარდე“. მაგრამ ახლა თავდაჯერებულად შემიძლია ვთქვა, რომ არ მეშინია საჯარო სივრცეში გასვლა. შემიძლია ხალხს ველაპარაკო, გრძელი და ღრმა საუბრები გავაბა მათთან. ერთი წლის წინ რომ გეთქვათ ქართული გეცოდინებაო, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ აქაური გარემო ძალიან დამეხმარა. ძალიან მიყვარს ჩემი მასპინძელი ოჯახი, მათ იმდენი რამ გამაცნეს მათი კულტურის შესახებ, გაგებით ეკიდებიან ჩემს უამრავ უცნაურ “ამერიკულ თვისებას”. ეს მართლაც გასაოცარი მეთოდია კულტურის გაცვლისა და კავშირების დამყარების.

კულტურულ სხვაობაზე რას იტყვი?

ამერიკაში ცხოვრებასა და ახლა საქართველოში ცხოვრებას შორის ბევრი კულტურული სხვაობაა. ყველა დიდი და პირველი სხვაობა. რაც ჯერჯერობით შევნიშნე, არის ხალხს უნდა, რომ ბევრი გაჭამოს. „ჭამე, ჭამე, ჭამე, ჭამე“. ქართველებს ძალიან უნდათ, რომ გიმასპინძლონ, მეგობრულები იყვნენ, საკუთარი სახლი შემოგთავაზონ. სიამაყით ივსებიან, როცა კერძებს გაცნობენ, სახლს გაჩვენებენ ისეთი სიამაყით…

ვფიქრობ, გენდერული როლებიც ძალიან განსხვავდება საშინაო შრომასთან მიმართებაში. სხვაობა საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე შევნიშნე.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ და საქართველოსაც ხომ არ უკავშირდება რომელიმე მათგანი?

ბევრი იდეა მაქვს, თუ რა მინდა გავაკეთო მას შემდეგ, როცა საქართველოში ჩემი სამსახური დამთავრდება. დავსევდიანდები წასვლისას, რადგან აქაურ ადამიანებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. მომენატრებიან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები და ვინახულებ მათ, რადგან ძალიან მომწონს აქაურობა და ადამიანები, ვისაც აქ შევხვდი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვისურვებდი ნეპალში ცხოვრებას, შესანიშნავი იქნებოდა იქ ცხოვრება და ორგანიზაციაში მუშაობა, რითაც დავეხმარებოდი იქაურ სხვადასხვა თემს. მიყვარს ჰუმანიტარული დახმარება და მოხალისებრივი სამუშაო. თუ ვიპოვი გზას გავაერთიანო ეს ორი სფერო  – ფოტოგრაფია და ჩემი მოწოდება, ჰუმანიტარული სამსახური – მსოფლიოს რა ნაწილშიც მიმიყვანს ეს გზა, მზად ვარ, გავყვე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან