მთავარი,სიახლეები

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის გამარჯვებული ბათუმიდან

30.03.2017 • 6386
ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის გამარჯვებული ბათუმიდან

ბათუმელი მარიამ სრესელი ინგლისურ ენაში მართლწერის ნაციონალური კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსი საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ (NESC-GE) მოხალისეების მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება და მასში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მარიამ სრესელი კონკურსში პირველად მონაწილეობდა, მან მეორე ადგილი აიღო ქვეყნის მასშტაბით.

„კონკურსის პრინციპი ასეთია, რომ გეძლევა გარკვეული რაოდენობის სიტყვები, რომელიც უნდა ისწავლო და კონკურსზე, რომელ სიტყვასაც ჟიური დაგისახელებს, სწორად უნდა დამარცვლო.

სირთულე ის არის, რომ ინგლისურში საკმაოდ ბევრი სიტყვა გამოითქმის ერთნაირად, ამიტომ შენ უნდა გამოიცნო ზუსტად რომელი სიტყვაა. თუ ძალიან გაგიჭირდა გარჩევა, უფლება გაქვს ითხოვო, რომ განგიმარტონ სიტყვის მნიშვნელობა. ბუნებრივია განმარტება ხდება ინგლისურ ენაზე,“ – გვეუბნება მარიამი.

პირველ ეტაპზე, როგორც მარიამი ამბობს, 150 სიტყვა იყო შესასწავლი, ფინალში კი – 2 500 სიტყვა.

„პირველი ეტაპი იყო სკოლის დონეზე, მეორე – რეგიონალურ დონეზე და ფინალი – ქვეყნის მასშტაბით. ფინალში 24 მონაწილე გადავედით, ბოლოს დავრჩით სამი მონაწილე. ფინალში რომ გადასულიყავი, მხოლოდ ერთი შეცდომის დაშვების უფლება გქონდა, მეორე შეცდომის შემთხვევაში კონკურსს ეთიშები. გადამწყვეტ ეტაპზე ერთი შეცდომა დავუშვი, ამიტომ მეორე ადგილზე გავედი,“ -ამბობს მარიამი.

პირველი ადგილი ახალციხელ მოსწავლეს, ვუსალა იუსუბოვას ერგო, მესამე კი – თბილისელ მარიამ ლოლაძეს.

„მესამე ადგილის მფლობელს ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი და პატარა დრონი აჩუქეს, მე დიდი დრონი, პირველი ადგილის მფლობელს კი პლანშეტი ერგო. დრონის გამოყენება ჯერ არ ვიცი, ნაკლებად პოპულარულია ჩვენთან, თუმცა მალე ვისწავლი მის გამოყენებას,“ – ამბობს მარიამი.

მართლწერის კონკურსი მარიამისთვის პირველი გამარჯვება არ ყოფილა, მან გაეროს ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა, სადაც გარემოს დაცვაზე ჰქონდა პროექტი წარდგენილი.

„პროექტის ღირებულება 550 ლარია, რომლის ფარგლებშიც 50 მოხალისე უნდა ავიყვანო და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ კამპანია ჩავატაროთ. დავბეჭდავთ ფლაერებს, ბანერებს და სხვადასხვა აქტივობას გავაკეთებთ. გარემოს დაბინძურება ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის, ძალიან ცუდად ვრეაგირებ, როცა ჩემ გვერდით ვიღაც ნაგავს აგდებს ქუჩაში და არ მიაქვს ურნამდე,“-გვეუბნება მარიამი.

მარიამ სრესელი ბათუმის #2  საჯარო სკოლის მე-11 კლასელია. „სწავლა მიყვარს, თითქმის ყველა საგანს ათებზე ვსწავლობ, თუმცა მაქვს გამორჩეული საგნები,  ინგლისური და მათემატიკა,“-გვეუბნება ის.  თავისუფალ დროს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ატარებს. უყვარს კითხვა, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს დამატებითი მეცადინეობის გამო კითხვისთვის თავისუფალი დრო ნაკლებად რჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: