მთავარი,სიახლეები

შსს: საჩხერეში 17 წლის ბიჭმა მამა თოფით მოკლა და ცხედარი გადამალა

21.02.2020 • 1976
შსს: საჩხერეში 17 წლის ბიჭმა მამა თოფით მოკლა და ცხედარი გადამალა

პოლიციამ 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა“.

პოლიციამ ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში მალევე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი – ნივთმტკიცებად ამოიღო.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: