სიახლეები

ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება

03.01.2020
ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.

„სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა. „მაგირუსის“ სახანძრო ტექნიკა განთავსებულია „ივეკოს“ ფირმის საავტომობილო შასზე“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლება გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, ავტომანქანების წარდგენის ღონისძიებაზე 15 მეხანძრე-მაშველი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

„განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა“.

 

მთავარი ფოტო: ახალი სახანძრო მანქანები. ფოტო: შსს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: