მთავარი,სიახლეები

32 ათასი ლარი აჭარაში 100 საჯარო მოხელის გადასამზადებლად

24.11.2019
32 ათასი ლარი აჭარაში 100 საჯარო მოხელის გადასამზადებლად

საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადების მომსახურების შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 32 495 ლარია. პირობის მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 100 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს „თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწას“.

ტრენინგ-კურსებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მერიის თანამშრომლები.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, შედგა შეთანხმება სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის და თანამშრომელთა გადამზადებაზე ერთობლივი ტენდერის გამოცხადება ეთხოვა სამინისტროს. შესაბამისად, ტრენინგებისთვის საჭირო თანხის გადახდა მოხდება როგორც აჭარის, ასევე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან.

ტრენინგი თემატურად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება – გადამზადება დამატებით და საბაზისო პროგრამებზე; მენეჯერული უნარები – გადამზადება საბაზისო პროგრამაზე; ადამიანური რესურსებისა ასევე პროექტების მართვა; „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება; საჯარო მმართველობის ღიაობა და მოქალაქეთა მონაწილეობა; მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვა; სახელმწიფო შესყიდვები; ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება და საგადასახადო კანონმდებლობა.

„სატრენინგო კურსები უნდა ტარდებოდეს სასწავლო მიზნების შესაბამისად მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ [კონდიცირება, წყალმომარაგება, კომპიუტერული და ტრენინგებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი, მათ შორის ლეპტოპებით, პროექტორითა და საპროექტო ეკრანით, საპრეზენტაციო დაფით] შენობაში განთავსებულ ოთახებში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ამავე შენობაში უნდა მოხერხდეს ლანჩის გამართვა; ერთ ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მსმენელს. სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას, ასევე შესაბამის ვიდეომასალას“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: