მთავარი,სიახლეები

„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

15.10.2019
„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე.

„მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ დადიან, თავიდან აკეთებენ რემონტს. ესაა გვარას სასათბურე მეურნეობა ქობულეთში, რომელიც ასევე არ არსებობს. ეს არის ქოსოფლის გზა, რომლისთვისაც ტენდერის მიხედვით 54 300 ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ გზა არ არსებობს. ჩვენ წარმოვადგინეთ ფოტოებიც, რა მდგომარეობაა თითოეულ პროექტზე…

ამ პროექტების შესახებ ხშირად საუბრობს მედია ცალ-ცალკე. ჩვენ ეს გამოვფინეთ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ კორუფციის სისტემური ხასიათი,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

ენმ-მ აჭარის მთავრობის სახლთან სულ 17 ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა.

„რითაც ჩვენ ვამაყობთ, არის ის, რომ ჩვენი მმართველობის დროს სისტემური კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები არ არის აჭარაში და, რა თქმა უნდა, ამ ხაზს აგრძელებს ყველა უწყება, რომელიც აჭარაში ფუნქციონირებს. რეზო ხარაზი ზოგადად უინტერესო ადამიანია. ასე რომ, არ ვაპირებ მაგის გამოხტომებზე დრო დავხარჯო,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც აჭარის მთავრობის პრესცენტრმა მოგვაწოდა. ჩვენ ვთხოვდით აჭარის მთავრობას განმარტებას კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, რაზეც ენმ-მ აქცია გამართა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: