მთავარი,სიახლეები

რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან?

27.10.2019
რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან?

მე-20 საუკუნის ბოლოს, ბულვარსა და ცენტრალურ პარკში ციყვებს ხშირად ნახავდით, დაახლოებით ათი წელია კი ბულვარში ვერც ერთ ციყვს ვეღარ შეხვდებით.

რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან? – ამ კითხვაზე ბათუმის ბულვარის ზოოკუთხის ზედამხედველს, ამირან მურვანიძეს, საკუთრი მოსაზრება აქვს. იგი 25 წელია ბათუმის ბულვარში მუშაობს და აქ ბინადარი ცხოველებსა და ფრინველებს აკვირდება.

ამირან მურვანიძის აზრით, ბულვარიდან ციყვების გაქრობის მიზეზი მცირე საკვები ბაზა და უპატრონო კატები და ძაღლები გახდა, რომლებიც წლებია ბულვარში ცხოვრობენ და ციყვებზე ნადირობდნენ.

„ციყვები ბათუმის ბულვარში დაახლოებით გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოიყვანეს. თავიდან 10-15 წყვილი იყო, ნელ-ნელა გამრავლდნენ და ბათუმის ცენტრალურ პარკშიც გადავიდნენ. ოთხი წყვილი მარტო მე მყავს გაშვებული, პატარა ციყვები ჩამომიყვანეს, გამოვზარდე და გავუშვი.

ტყეში ციყვები საკვებს იოლად პოულობენ, წიწიბოა, რკოა, კენკრა… აგროვებენ და იკვებავენ თავს, პარკში კი უნდა დავეხმაროთ, განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში უნდა მოვაწოდოთ უკვე საკვები ხეებზე, სპეციალურ საკვებურებში.

გამრავლების შემდეგ ბათუმის ბულვარში არსებული საკვები აღარ იყო საკმარისი მათთვის და მიდიოდნენ ციყვები, ქალაქის ეზოებში გადიოდნენ შემოდგომაზე და იქ ყურძენს ჭამდნენ. ამიტომაც საკვები ბაზა უნდა შექმნილიყო მათთვის, ხეებზე უნდა გაკეთებულიყო საკვებურები,  ეს გამორჩენილი იყო მხედველობიდან, დამატებითი საკვები მათ მისცემდა ბულვარში ცხოვრების საშუალებას“, – ამბობს ამირან მურვანიძე.

ციყვის საკვებურის მაგალითი. ფოტო: pexels.com

მსგავსი საკვებურები ხეებზე მაგრდება და ციყვებისთვის იყრება ისეთი საკვები, როგორიცაა თხილი, მზესუმზირა და სხვა.

ამირან მურვანიძის დაკვირვებით, ბულვარიდან ციყვების გაქრობის მეორე მიზეზი მაწანწალა ცხოველები გახდა, კატები და ძაღლები, რომლებიც ციყვებზე ნადირობდნენ.

„კატა ხეზეც ადის, რამდენჯერ კატისგან დაზიანებული ციყვი წამომიყვანია და მომირჩენია. ციყვებზე ნადირობდნენ ასევე ძაღლებიც, რომლებიც უსაფრთებოდნენ ხის ძირას და იჭერდნენ. ამ ფაქტორებმა განაპირობა, ჩემი აზრით, ციყვების გაქრობა ბულვარიდან“, – ამბობს ამირან მურვანიძე.

ციყვები ბევრი ცნობილი ქალაქის პარკებში ბინადრობენ. მაგალითად, ნიუ იორკის ცნობილ ცენტრალურ პარკში 2 300-ზე მეტი ციყვი ბინადრობს.

____________

მთავარი ფოტო: pexels.com

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: