მთავარი,სიახლეები

ციხიდან გამოსული ქმარი ცოლს: „ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩები“

14.10.2019 • 2408
ციხიდან გამოსული ქმარი ცოლს: „ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩები“

ცოლზე მუქარის გამო ჯაბა ბ.-ს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯაბა ბ. 3 წლის წინ იხდიდა სასჯელს ცოლისთვის ყელში დანის დარტყმისთვის. ახალი დანაშაულის ჩადენა მას მაშინ დაუდგინეს, როცა პატიმრობიდან გამოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

დაზარალებულად ცნობილმა ნინო კ.-მ [სახელი პირობითია] მოსამართლეს უთხრა, რომ წლების წინ ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქედის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, შემდეგ კი მეუღლისგან არაერთხელ გახდა სიტყვიერი აგრესიის მსხვერპლი. ერთ-ერთი შელაპარაკების დროს მას კისრის არეში ქმარმა დანა დაარტყა. ძალადობის მსხვერპლი ქალი შვილებთან ერთად ბათუმში გადმოვიდა და ნაქირავებ ბინაში დაიწყო ცხოვრება. ერთ საღამოს ოჯახში ჯაბა ბ. [სახელი პირობითია] გამოჩნდა.

„იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარი, როდესაც მოულოდნელად მოვიდა…  ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, შემოსვლისთანავე ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო ჩემი ლანძღვა-გინება. მითხრა, რომ ვიღაც მამაკაცი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა დაენებებინა ჩემთვის თავი… ის იყო ძალიან გაბრაზებული, უნდოდა მოახლოება.

მე ვიდექი ოთახში არსებულ მაგიდის ერთ მხარეს, ხოლო ჯაბა იდგა მაგიდის მეორე მხარეს. როცა დააპირებდა მოახლოებას, წრეს ვარტყამდი მაგიდას და ამიტომ ჯაბა ვერ ახერხებდა ჩემთან მოახლოებას, რის გამოც ის უფრო ღიზიანდებოდა. მომმართავდა უცენზური სიტყვებით და მეუბნებოდა, რომ ჩემთან მოსვლას ვერავინ დაუშლიდა… ის ცდილობდა მოახლოებას, მაგრამ ვარიდებდი თავს მაგიდის მეშვეობით. ის იყო ძალიან ანერვიულებული, მიყვიროდა უმიზეზოდ, მეუბნებოდა მოგკლავო, არ გადამირჩებიო… ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩებიო“, – აღნიშნა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში.

კონფლიქტს დაზარალებული ქალის დისშვილი შეესწრო, რომელმაც ოთახიდან ჯერ მცირეწლოვანი ბავშვები გაიყვანა, შემდეგ კი 112-ზე დარეკა. მოწმემ სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებული კაცი პოლიციელების მიმართაც გამოხატავდა აგრესიას.

„…რამდენიმე წუთში მივიდა ორი პოლიციის თანამშრომელი ფორმაში გამოწყობილი, რომლებმაც მალევე მოახდინეს რეაგირება და დადგნენ ჯაბა ბ.-ს წინ, არ მისცეს მიახლოების საშუალება, რამაც გამოიწვია ჯაბა ბ.-ს უფრო მეტი აგრესია, კვლავ განაგრძო ლანძღვა-გინება, არ მოერიდა პოლიციის თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით კვლავ დაემუქრა მოკვლით. უთხრა არ გაცოცხლებო, დღეს ჩემგან ვერავინ გადაგარჩენსო, რის შემდეგ ხელიდან დაუსხლტა პოლიციელებს, მაგიდიდან აიღო მინის ნაკეთობის საფერფლე და ისროლა ჩემი მიმართულებით….

ჯაბა ბ. ასევე გამოხატავდა აგრესიას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აგინებდა მათ და მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ცდილობდა მათგან თავის დაღწევას და ნინო კ.-სთან მიახლოებას ხელის დასარტყმელად, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც დააკავეს ადგილზე და განუმარტეს მისი უფლებები, რის შემდეგ წაიყვანეს იქედან,“ – თქვა დაზარალებულად ცნობილი ქალის დისშვილმა, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი იყო.

ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა იმის გამო, რომ ჯაბა ბ.-ს წინა დანაშაულის გამო პირობითი მსჯავრი მოხდილი არ ჰქონდა, ის ერთი წლით დააბრუნეს ციხეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: