მთავარი,სიახლეები

„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება არის შეუქცევადი პროცესი“

03.10.2019 • 1054
„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება არის შეუქცევადი პროცესი“

დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრებიან. ალიანსის დელეგაციას როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეფასებით, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„ვიზიტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გაღრმავებას. ჩვენთვის, როგორც ალიანსის ყველაზე გამორჩეული ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილი,“ – ამბობს ვახტანგ მახარობლიშვილი.

მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ალიანსში, ამიტომ ის ადგილზე გაეცნობა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და პროცესებს:

„სიმბოლურია, რომ ვიზიტი ხორციელდება ბათუმში, გამომდინარე იქედან, რომ ქართული მხარე ერთი წელია მუშაობს და კონსულტაციებს ატარებს ალიანსთან და მის წევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში გაძლიერდეს ეს თანამშრომლობა“.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რა შედეგების მომტანი იქნება ლონდონში დაგეგმილი ალიანსის ლიდერთა შეხვედრა, „თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრაზე საქართველო იქნება დღის წესრიგში,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება არის შეუქცევადი პროცესი.

______________________________

მთავარ ფოტოზე: ვახტანგ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: