მთავარი,სიახლეები

14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის

24.09.2019 • 6251
14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის

გიორგი ვენკო თოთხმეტი წლისაა, ლევან ვენკო კი – თორმეტის. გარდა იმისა, რომ ძმები არიან, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ორივე ქველმოქმედია. გიორგისა და ლევანს დედა ქართველი ჰყავთ, მამა – ჰოლანდიელი და ჰოლანდიაში ცხოვრობენ.

მას შემდეგ, რაც დედისგან გიორგიმ კახეთში „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ შეიტყო, 12 წლის ბიჭმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია მოაწყო, კონცერტი გამართა და ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა. ამ თანხით მან სათნოების სახლს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა. ამის შემდეგ სათნოების სახლში კიდევ 25 ადამიანის განთავსების საშუალება გაჩნდა.

„ბროწლიანის სათნოების სახლის“ არასახარბიელო მდგომარეობის გამო 2017 წლის 21 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ საჭირო ღონისძიებები გაეტარებინა იქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

გიორგი ვენკო. / გოგა ჩანადირის ფოტო

14 წლის გიორგი ვენკოს საქველმოქმედო ფონდიც აქვს შექმნილი – ,,დავეხმაროთ საქართველოს“. ფონდი სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციას გეგმავს. გიორგის ძმა, ლევან ვენკო კი, წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

ვენკოების ოჯახის შესახებ დღეს ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„ბროწლიანის სათნოების სახლი” რეაბილიტაციამდე

 

ბროწლიანის სათნოების სახლი რეაბილიტაციის შემდეგ

წნორში ვიყავი ამ ზაფხულს, იქვეა ბროწლიანი, სადაც თავშესაფრის მძიმე პირობებში ცხოვრობდა 25 შშმ პირი. ბროწლიანს წლების მანძილზე არ ჰქონდა წყალი, დიდ შენობას კი – სახურავი. ვენკოების ოჯახი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდის. წელსაც გიორგი ბროწლიანში დამხვდა და ეს ამბებიც იქ გავიგე, ვესაუბრე დედამისს და ასე გავიცანი ოჯახი. დიდი ხანი მინდოდა ამაზე დამეწერა. ვენკოები ოქტომბერში აპირებენ ისევ ჩამოსვლას და ახალ საქველმოქმედო აქციებსაც გეგმავენ“, – ამბობს გოგა ჩანადირი.

გიორგი და ლევან ვენკოების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ჰოლანდიაში ,,ფონდი ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელია და  მსოფლიოში ქართული დიასპორების გაერთიანების პროექტებზე მუშაობს. გაერთიანების მიზანი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდება და ოკუპაციის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ სადისკუსიო სივრცის შექმნაა რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

ბროწლიანის რეაბილიტირებული სათნოების სახლის გახსნა

ფოტო: თიკა სვანიძე-ვენკოს ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: