მთავარი,სიახლეები

მებაჟეებმა გამსვლელ პუნქტებში ნარკოტიკი და არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

23.09.2019
მებაჟეებმა გამსვლელ პუნქტებში ნარკოტიკი და არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებში, 17-23 სექტემბერს, გამოვლენილია სხვადასხვა რაოდენობის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, აღიკვეთა სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები, გამოვლინდა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“:

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“,  სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ კი, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, მებაჟეებმა ნარკოტიკული (ჯამში, 45 აბი და 14 კაფსულა), ფსიქოტროპული (14 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“ (4.63 გრამი) გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: