მთავარი,სიახლეები

კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

23.09.2019 • 1587
კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს, ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნოდარ ბერიძე. მან დღეს, 23 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე სკვერში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა.

ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ნაგავსაყარი საფრთხეს არ შეუქმნის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„სოფლის მოსახლეობა, ვინც 500 მეტრის რადიუსში ვცხოვრობთ ნაგავსაყრელიდან, ვითხოვთ კომისიის შექმნას, რომ შეისწავლონ არსებული ვითარება,“ – ამბობს ნოდარ ბერიძე.

ცეცხლაურში იმ მოსახლეებს, რომელთა მიწებზეც უნდა აშენებულიყო ნაგავსაყარი, კომპენსაცია გადაუხადეს, თუმცა ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ თავად, როგორც ამ სოფლის მცხოვრები, ასევე, მოსახლეობის უმეტესობა, სოფელში ნაგავსაყრის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ კანონდარღვევას, დაწყებული ადგილის შერჩევით, დამთავრებული ეკოლოგიური საფრთხეებით. მე მომაწოდეს  გარემოს დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ 2012 წელს თითქოსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ჩაატარა ტექნიკური კვლევა ადგილის, რომლის საფუძველზეც შეირჩა აღნიშნული ტერიტორია ნაგავსაყრელისთვის, რასაც ეს ორგანიზაცია არ გვიდასტურებს.“

ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ის არ ენდობა ხელისუფლების მიერ მიწოდებულ მასალებს, რადგან „GPS-ით ეს ტერიტორია საუდის არაბეთში ინიშნება, ჩვენ იმაშიც არ ვართ დარწმუნებული, რომ მსოფლიო ბანკს, რომელიც აფინანსებს ამ პროექტს, სწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. ამის მერე როგორ უნდა ვენდო ხელისუფლებას,“- ამბობს ბერიძე.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ნაგავსაყარი დასახლებული ტერიტორიიდან მინიმუმ 500-ზე მეტი მეტრი დაშორებით უნდა იყოს განთავსებული, რაც დარღვეულია.

ნოდარ ბერიძე ხელისუფლებას სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობის შეჩერებას სთხოვს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„დოკუმენტაციაში წერია, რომ ასეთ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გაბატონებული ქარების ფაქტორიც, რაც პროექტში უგულებელყოფილია. სოფელში არის სკოლა, ბავშვები ცხოვრობენ, მათ ჯანმრთელობაზე ვინ არის პასუხისმგებელი. როცა შემოდის კომპანია და ეუბნება ხალხს, რომ სახურავს გიყიდით და ჭიშკრებს დაგიმონტაჟებთ, ეს არის საკმარისი? მე პირადად და მოსახლეობის ნაწილიც, ვითხოვთ, ამ პროექტის შეჩერებას,“ – ამბობს ნოდარ ბერიძე.

კარვის გაშლასთან დაკავშირებით ნოდარ ბერიძე დაუკავშირდა პოლიციას, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს აჭარაში, გიორგი ჩარკვიანს, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხის შესასწავლად ნოდარ ბერიძემ სახალხო დამცველსა და საიას, განცხადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანა მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა მოქალაქემ ორგანიზაციას მართლაც მიმართა, თუმცა საქმის სასამართლო წარმოებაში ჩართვისთვის აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, რისი ჩატარების შესაძლებლობა მოსახლეობას არ აქვს.

„ამ კატეგორიის საქმეების წაღება სასამართლოში, თუ არ არის ექსპერტიზის დასკვნა საქმეში, აზრს მოკლებულია. მოსახლეობა, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან ძალიან დიდ თანხასთანაა  დაკავშირებული და ვერც ჩვენი ორგანიზაცია ვერ შეძლებს ამას.

სახელმწიფოს აქვს დოკუმენტი, რომელიც არის მაგ საქმის ირგვლივ შეკრებილი, მაგრამ რომ ვამტკიცოთ, რომ არ არის საკმარისი პროექტის განხორციელებისთვის, სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დასკვნა,“ – ამბობს ანა მდინარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: