მთავარი,სიახლეები

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

09.09.2019
“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” სასამართლო დარბაზი ხალხით ისევ გაივსო, თუმცა დღევანდელმა პროცესმა მშვიდად  ჩაიარა – საპროტესტო აქციების, შეძახილებისა და ქუჩის გადაკეტვის გარეშე.

“დღეს რამე არ იქნება. საპროცესოს ველოდებით პროკურატურისგან და ვნახოთ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა.

ამ საქმეზე დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ჩხუბის შემსწრე მედდისა და დაცვის პოლიციელის ჩვენებები მოისმინა.

საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს – სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეირაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.

“ექიმთან ვიყავი და ჩხუბის ხმა გავიგონე, არ გაცოცხლებ, მოგკლავო… გამოვედი დერეფანში და დავინახე – კიბეზე ხროვა ჩადიოდა, იგინებოდნენ. მერე ითქვა, თავდგური დაჭრესო…. შევედი იმ განყოფილებაში და ჩემი თანამშრომელი დამხვდა ჩამხობილი… არაფერი ჭირდა, შეეშინდა, ალბათ,” – დაახლოებით ასე აღწერა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე მედდამ, ნარგიზ სანიკიძემ “რესპუბლიკურში” მომხდარი ჩხუბის ამბავი.

ბრალის მიხედვით,  ჩხუბის მონაწილეებმა ექიმებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვიეს.

“როგორ ექცეოდნენ ისინი სამედიცინო პერსონალს?” – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

“პერსონალთან რა ესაქმებოდათ… ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ,” – დასძინა მედდამ. მან ასევე თქვა, რომ ჩხუბის დროს ექიმს, ვისთანაც იგი მუშაობს, პაციენტი არ დაუტოვებია.

მორიგი მოწმის შემოსვლამდე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებით დაინტერესდა.

“ჩვენც კი გვინდა, მაგრამ…” – მხრები აიჩეჩეს ადვოკატებმა.

“ვინ გიშლით ხელს: პროკურორი თუ ბრალდებულები?” – ნახევრად ხუმრობით იკითხა მოსამართლემ, თუმცა მისთვის პასუხი არავის გაუცია – დარბაზში მორიგი მოწმე, საავადმყოფოს დაცვის პოლიციის უფროსი შემოვიდა.

“არეულობა იყო. არეულობა გამოიწვიეს ამ ბიჭებმა… ვინ რას აკეთებდა, ვეღარ მივხვდი. მოვუწოდე სიმშვიდისკენ,” – აღნიშნა მოწმე ჯემალ ჭაღალიძემ.

“იქ, რომ ვინმეს ჩავლა სდომოდა, ვერ გაივლიდა?” – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.

“ვერ ჩაივლიდა… ჩხუბი იყო,” – თქვა მოწმემ.

ბრალდებულები, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან, ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ ეთანხმებიან პროკურატურას “წინასწარი განზრახვით ხულიგნობის” ჩადენას.

საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრალდებულები ბრალს აღიარებენ და სასამართლო განხილვა შეწყდება.

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: