მთავარი,სიახლეები

გომელაური: საყვედურს ვერ მივიღებ, თუ რატომ არ ვიცი ზეპირად 20-21 ივნისის მთელი საქმე

08.09.2019 • 1542
გომელაური: საყვედურს ვერ მივიღებ, თუ რატომ არ ვიცი ზეპირად 20-21 ივნისის მთელი საქმე

„დეტალებში მე ვერ შემოვალ იქედან გამომდინარე, რომ ჩემი სამსახური არ იძიებდა [ამ საქმეს] და ორ დღეში, დიდი ბოდიში, მე მთლიანად 10-ტომიან და 20-ტონიან საქმეებს ვერ შევისწავლიდი. საყვედურს ვერ მივიღებ, თუ რატომ არ ვიცი ზეპირად, ვთქვათ, მთელი საქმე 20-21 ივნისის. მივალ იქ და გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა, რომელიც დღეიდან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.

„რაც შეეხება 20 ივნისის საქმის გამოძიებას, პროკურატურას მიყავს და რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული შსს-დან და ასევე მოქალაქეების მხრიდან, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. დღეს რა გითხრათ, რა ვიცი, მივალ, ვნახავ და გავეცნობი“, – უთხრა ჟურნალისტებს გომელეურმა.

ვახტანგ გომელაურს დღევანდელ აქციაზე დეპუტატ ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ჰკითხეს. დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდები სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. „მე არ მიყურებია, დააგვიანა თუ არა რეაგირება პოლიციამ. როგორც ვიცი, ეს ადამიანი გაიყვანეს იქედან. მე არ ვიცი რა მოხდა, ვიცი, რომ საქმე აღიძრა. შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცას, თუ ერთმანეთს მიაყენეს, გავერკვევი ამაში და კანონის ფარგლებში, როგორც საჭირო იქნება პროკურატურასთან ერთად გავივლით და ისე მივყვებით საქმეს. ასე დეტალები, პირველი ვინ დაიწყო და ვინ რა დაიძახა, ვინ ხელი გაიქნია – დეტალები არ ვიცი, დარბაზში ვიჯექი“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურს ასევე ჰკითხეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებაც, რომელიც სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს და   2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ გომელაური ამ სპეცოპერაციის დროს სუს-ს ხელმძღვანელობდა, რომელმაც სპეცოპერაცია ჩაატარა პანკისის ხეობაში. გომელაურმა მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ მან ამ საკითხზე კომენტარი ერთხელ უკვე გააკეთა და გამეორებას აზრი არ აქვს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა გიორგი გახარიას და ახალი მთავრობა დაამტკიცა. გახარიას გაპრემიერება გააპროტესტა  არასამთავრობოების ნაწილმა. მათი თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც „სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობდა მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.

ინციდენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები „პუტინის მონას“ ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა. მოგვიანებით შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: