მთავარი,სიახლეები

ექიმი ნარკოტიკზე ყალბი მოწმობის გაცემას აღიარებს

04.09.2019 • 1244
ექიმი ნარკოტიკზე ყალბი მოწმობის გაცემას აღიარებს

“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ნარკოტიკულ საშუალებაზე ყალბი მოწმობის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა. ბრალდებული გელა გ. ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. იგი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამრთლოს გათავისუფლებული.

ექიმი-უროლოგი გელა გ. სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფულის მიღების სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად ყალბ ცნობებს გასცემდა.

საქმის მასალების მიხედვით, ექიმი ნარკოტიკის ყალბი მოწმობის გაცემაში დაახლოებით 150 ლარს იღებდა, რაც ორი-სამი დღის საკმარის “მეტადონის” დოზას მოიცავდა.

მას შემდეგ, რაც ექიმმა ბრალი აღიარა, მოსამართლემ მას კანონის კონკრეტული მუხლი გააცნო, რომლის მიხედვითაც ექიმს ჯარიმა ელის, ან თავისუფლების აღკვეთა – 6-დან 10 წლამდე.

წინასასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს.

მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ასევე უთხრეს, რომ “მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების მისაღწევად”.

“კომენტარს საქმის დასრულების შემდეგ გავაკეთებ,” – გვითხრა ბრალდებულმა გელა გ.-მ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ჩვენთან გასაუბრების დროს მან ასევე თქვა, რომ ამჟამად შვებულებაშია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: