მთავარი,სიახლეები

კაკაჩია: დიპლომატები ვეღარ ასწრებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას

03.09.2019 • 2660
კაკაჩია: დიპლომატები ვეღარ ასწრებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში  პოლიტიკური კულტურა არ იცვლება, როცა ხელისუფლება პრემიერებს აქტიურად ცვლის. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს ილუზიის შექმნა – „მეფე შიშველი არ არის“.

რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს მეხუთე პრემიერი გვეყოლება? – კორნელი კაკაჩიას ამ თემაზე ვესაუბრეთ.

  • ბატონო კორნელი, შვიდ წელიწადში მეხუთე პრემიერი ეყოლება საქართველოს. რას ნიშნავს ქვეყნისთვის პრემიერების ამ სიხშირით ცვლა? რამდენად შესაძლებელია კონკრეტული პოლიტიკის განხორციელება, როცა პრემიერი, ფაქტობრივად, რამდენიმე თვით ხარ? 

პრემიერ ბახტაძის გადადგომა მიუთითებს არსებული სახელისუფლებო სისტემის კრიზისზე. ასეთი ხშირი ცვლილებები ტრადიციადაც კი იქცა.  იგივე ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც: როცა მმართველი პარტია ვერ ახერხებს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას, რასაც საზოგადოება ელოდება, ხელისუფლება ცდილობს უკმაყოფილების ამ მეთოდებით განელებას. ამ პროცესის ნაწილია პრემიერ ბახტაძის გადადგომაც. ხელისუფლებაში ისიც იციან, რომ 2020 წლის არჩევნები მოახლოვებულია და მაინცდამაინც სახარბიელო  რეიტინგი არ აქვთ.

პრემიერების ასეთი ხშირი ცვლა, გარდა იმისა, რომ არ ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას ქვეყანაში, ასევე ხელს უშლის საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვერც კი ახერხებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას, ისე ხდება მათი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება. პრემიერმა ბახტაძემ მედიაში განაცხადა, რომ მან საკუთარი მისია შეასრულა, მაგრამ  მისი მმართველობის შედეგი სხვა რამეზე მეტყველებს. როგორც სოციალურ მედიაში უკვე გაჟღერდა, ეს მართლაც პრემიერობის სტაჟირებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის კეთილგონივრულ მართვას. ბიძინა ივანიშვილს სურდა პრემიერი, რომელიც წინასაარჩევნო ციკლამდე მიიყვანდა ქვეყანას, მაგრამ ასე არ მოხდა – დაპირებების უმრავლესობა, რაც უკავშირდებოდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების გაუმჯობესებას, პლურალისტური მედია გარემოს შექმნა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ შესრულდა. ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს, გარკვეული ილუზიები შეუქმნას საზოგადოების ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ სჯერა, რომ „მეფე შიშველია“, რომ თითქოს „ოცნება“ ჯერ კიდევ არის ძალა, რომელსაც რაღაცის ახალი იდეების ჩამოყალიბება შეუძლია.

  • მამუკა ბახტაძემ გააკეთა ვრცელი განმარტება გადადგომის შესახებ. გასაგები იყო თუ არა თქვენთვის, რის გამო დატოვა მან პრემიერის პოსტი, თუკი წარმატებული იყო? 

მგონი, ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, ვინ წყვეტს პრემიერების ბედს ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, ბახტაძე არასდროს არ იყო მოქმედი პოლიტიკოსი და, ბუნებრივია, ის ვერ შედგებოდა, როგორც ქვეყნის ლიდერი. ფართო საზოგადოება ვერც კი ამჩნევდა მას. მაგალითად, ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსნას, მაგრამ არავინ ითხოვდა ფორმალურად ქვეყნის პირველი პირის ბახტაძის გადადგომას.

  • გიორგი გახარიას გაპრემიერებით რა შეიძლება მოიგოს „ოცნებამ“? 

გიორგი გახარიას გაპრემიერება ძალიან სარისკო იქნება, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკური იმიჯი საზოგადოებაში საკმაო ნაწილში დიდი ხანია შერყეულია. ივანიშვილმა პერსონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი გადადგა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც დიდი ხანია ეჭვობენ, რომ მის პოლიტიკურ გუნდს „მოკლე სათადარიგო სკამი“ აქვს. ივანიშვილს, ეტყობა, გარემოცვაში არ ჰყავს ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია გარკვეული ქმედებების ისე უყოყმანოდ  აღსრულება, როგორც მის პირად კონფიდანტს – გახარიას, რომელსაც ის კარსმომდგარი არჩევნების წინ ყველაზე მეტად ენდობა.

  • რატომ აწყობს „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება?

ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი ხისტი ქმედებებით შეუძლია ოპოზიციის დემონიზაცია, სხვადასხვა საეჭვო წარმოშობის სოციალური მოძრაობებისა და პოლიტიკური ძალების ანუ სატელიტური პარტიების მობილიზაცია. ღარიბაშვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს ასევე ეკლესიასთანაც. აქედან გამომდინარე, ის ეცდება გამოიყენოს ყველა ეს ბერკეტები ოპოზიციის მარგინალიზებისთვის, რომ ამით გაუხანგრძლივოს მმართველობა არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც უკვე კარგა ხანია ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის იბრძვის.

  • რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს რამდენად ელოდებით? გაჩნდა ვერსიაც, რომ ხელისუფლებას სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემას აარიდოს თავი. 

არა მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ამაზე წავიდეს. ეს იქნება ხარაკირი ხელისუფლებისთვის. ამაზე წასვლა, ფაქტობრივად, პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს და ამ გადაწყვეტილების სავარაუდო საფასური იქნება კატასტროფული როგორც მმართველი ძალისთვის, ასევე ქვეყნის სტაბილურობისთვის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: