ეროვნული ბანკი 865 000-მდე ლარს სასადილოს მოსაწყობად დახარჯავს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია. ტენდერი არ ითვალისწინებს ავეჯის, ინტერიერის დეკორატიული ელემენტების და სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. სამზარეულო, როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული.

დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის გაერთიანება და ამ ფართობზე საინჟინრო კომუნიკაციების ადაპტირება. ასევე ამ ოფისების მომიჯნავედ შენობის ღია სივრცეში ე.წ. სოკოს ქვეშ სამზარეულოს ლიფტის, ცივი საამქროს, სამრეცხაოს, გასაცემი ხაზის და კაფეს მოწყობა.

სასადილოს მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში ძირითადი სამუშაოებია: შენობის ნულოვან სართულზე, მთავარ შესასვლელთან საევაკუაციო კარის მოწყობა; მე-3 და მე-4 სართულებზე სარეკონსტრუქციო ფართობზე არსებული ტიხრების, იატაკისა და კარების, ასევე არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი; ახალი თაბაშირ-მუყაოს და მინის ტიხრების, კარების (მათ შორის – მინის), ლითონის კიბეების, იატაკების, სპაიდერ სისტემით ვიტრაჟის და პერფორირებული დეკორატიული პანელის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა, დანადგარების და მოწყობილობების მონტაჟის ჩათვლით, ასევე მოსაპირკეთებელი და სამღებრო სამუშაოების ჩატარება, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება, ობიექტის დასუფთავება და ჩაბარება.


ტენდერის მოთხოვნაა ყველა სამუშაო შესრულდეს პროექტის [რომელიც თან ახლავს სატენდერო განაცხადს] ნახაზისა და სქემის შესაბამისად, საპროექტო ზედამხედველობის
პირობებში.

სამზარეულოს პროექტიდან

სამზარეულოს პროექტიდან

საპროექტო სივრცის რენდერი

ეროვნული ბანკი ახალ სათაო ოფისის მშენებლობასაც გეგმავს თბილისის ცირკის მიმდებარედ, რისთვისაც სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. ახალი სათაო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე  ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც სატენდერო თანხა 2 460 000 ლარია.

ამ თემაზე:

ეროვნული ბანკი 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com