მთავარი,სიახლეები

გოგო ბათუმიდან, რომელმაც 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო: რთული არაფერია

30.08.2019 • 7057
გოგო ბათუმიდან, რომელმაც 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო: რთული არაფერია

„ვერაფერი ვთქვი, ვტიროდი და დედა მამშვიდებდა, ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია… მე შოკი მქონდა, რადგან სკალირების შემდეგ ბევრს მოემატა ქულები და 100-პროცენტიანი დაფინანსების იმედი მართლა აღარ მქონდა, თვალებს არ ვუჯერებდი,“ – ეროვნულ გამოცდებში საკუთარ შედეგზე პირველ ემოციას ბათუმელი ქეთო სიხარულიძე გვიზიარებს. მან 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ქეთო ბიზნეს და საზოგადოებრივ მეცნიერებებს ისწავლის.

ქეთო სიხარულიძემ ბათუმში სასულიერო გიმნაზია დაამთავრა, თუმცა მანამდე იგი ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, ერთი წელი – „ევროლიცეუმში“. ქეთო სიხარულიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 64 მიიღო, ინგლისურში 74 ქულა – მაქსიმალური 80-დან, ზოგად უნარებში – 63, ხოლო დამატებით საგნად არჩეულ ქართულ ლიტერატურაში – 61 ქულა.

„ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი მხოლოდ. ძირითადად იმიტომ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვყოფილიყავი. ინგლისურში არ ვემზადებოდი, რადგან დედა ინგლისურის სპეციალისტია და მანამდე ვისწავლე. მათემატიკაში ვემზადებოდი მხოლოდ ბოლო სამი წელი… რომ არა რეპეტიტორები, არ ვიცი, ალბათ, 100-პროცენტიან გრანტს ვერ ავიღებდი, მაგრამ ჩავაბარებდი. რთული არაფერია, თუ მასწავლებელს მიყვები,“ – გვითხრა ქეთო სიხარულიძემ.

ქეთო მიიჩნევს, რომ „ზოგადი უნარების“ გაუქმება სამომავლო გამოცდებზე არ არის სწორი. „ყველაზე უკეთ ეს ამოწმებს ზოგად განათლებას და სხარტ აზროვნებას“, – დასძენს იგი.

რატომ „ბიზნესი და საზოგადოებრივი მეცნიერებები“? – ქეთო გვიყვება, რომ ეს სპეციალობა მას ბიზნესში კრეატიული იდეებით ყოფნის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ქეთო სიხარულიძე ჩინური ენის შესწავლას აპირებს.

„თავიდან მინდოდა ბიზნესის ადმინისტრირება. მერე ვიყავი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ღია კარის დღეზე და ეს სპეციალობა უფრო მომეწონა, რადგან წერა მიყვარს ძალიან და მინდოდა ხელოვნებასთან შეხების შესაძლებლობა მქონოდა. ამ სპეციალობაზე ბიზნესის და მენეჯმენტის გარდა, ვისწავლი ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, ანთროპოლოგიას. მეორე კურსიდან კი, შემიძლია ავირჩიო რომელიმე აღმოსავლური ენა. მე ჩინური ენის სწავლას ვაპირებ. ძალიან მომწონს ჩინური,“ – ამბობს ქეთო სიხარულიძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: