მთავარი,სიახლეები

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

29.08.2019 • 2013
ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვნად დააკმაყოფილებს აჭარაში ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი მოხმარების მოთხოვნას. „ენერგო პროში“ არ აკონკრეტებენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენმა კომპანიამ მიმართა მათ ქსელზე დაერთების მოთხოვნით და რამდენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ენერგოდეფიციტის გამო, ძირითადად, ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე დაერთება. მაგალითად, კომპანია „სახლი ხეივანში“, რომელიც ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობას სამუშაოების დასრულებისთვის დამატებით ვადას სთხოვდა და შენობის ექსპლუატაციაში დროულად ვერგაშვების რამდენიმე მიზეზს ასახელებდა. მათ შორის ენერგოდეფიციტს, რის გამოც ენერგოკომპანიამ ობიექტს მოთხოვნილი სიმძლავრე  ვერ მიაწოდა.

ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული ვერ იქნა, რამაც რეაბილიტაციის პროცესის დაწყება გააჭიანურა.

„საბოლოოდ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს, რომლებშიც გადამცემი ხაზი გადიოდა, გვერდი აუარეს“, – გვითხრა იურისტმა მალხაზ აბულაძემ, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს იცავდა.

მიუხედავად „ერგე 1“-ის რეაბილიტაციისა, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, სამომავლოდ მოსალოდნელია მოხმარების კიდევ უფრო ზრდა და მხოლოდ „ერგე-1“-ის რეაბილიტაცია საკმარისი არ არის ბათუმის ენერგომომარაგებისთვის.

„კომპანიამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭარნალი110“-ის პროექტირების სამუშაოები. ხაზის მშენებლობას უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. აღნიშნული ხაზის მშენებლობისთვის და ბათუმში გამანაწილებელი ქსელის გამართვის სამუშაოებისთვის საჭირო იქნება, სავარაუდოდ, 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“, – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

რა თანხას ხარჯავს ენერგოკომპანია „ერგე1“-ის რეაბილიტაციაში და კომპანიის მიერ ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებისთვის მთლიანად ჩადებული ინვესტიცია აისახება თუ არა სამომხმარებლო ტარიფზე? ასევე, გაივლის თუ არა ახალი ხაზი კერძო ნაკვეთებში?

„ერგე 1“ ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება, ამიტომ სანამ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები არ დასრულდება, ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია. რაც შეეხება ალტერნატიულ ახალ ხაზს „ჭარნალი110“-ს, ის ხელვაჩაურიდან შემოვა ბათუმში, გამოყვება მდინარე ჭოროხს, ისე, რომ ხაზი კერძო საკუთრებაში არ გაივლის და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გაივლის. ზოგადად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელსაც ის ახორციელებს ყოველწლიურად, ყოველთვის წარედგინება სემეკს. რაც შეეხება ტარიფს, ამაზე ჩვენი კომპანია კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს სემეკის კომპეტენციაა“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკში] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს არსებული სამომხმარებლო ტარიფი ელექტროენერგიაზე 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არ შეიცვლება.

„ჩვენ ვადგენთ სამწლიან ტარიფებს და მაშინ, როცა მოქმედი ტარიფი დამტკიცდა 2018-19-20 წლებისთვის, გათვალისწინებული იყო მიმწოდებელი ენერგოკომპანიების მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი ინვესტიციები. ამიტომ, სემეკი კომპანიების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ ინვესტიციებს, განიხილავს 2021-22-23 წლების ტარიფების დადგენისას და მხოლოდ მაშინ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კომპანიების მიერ 2019-2020 წლებში განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციას, ის მოქმედ ტარიფზე, 2021 წლამდე ვერ მოახდენს გავლენას“, – გვითხრეს სემეკში.

 

მთავარი ფოტო: „ერგე 1“ გადამცემი ხაზი რეაბილიტაციის დაწყებამდე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: