მთავარი,სიახლეები

ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის შთამბეჭდავი მიმოწერის ამბავი

28.08.2019 • 6295
ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის შთამბეჭდავი მიმოწერის ამბავი

ავტორი: მარიამ მუთიძე

ჰანა არენდტი ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი იყო, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გაექცა ამერიკაში და შექმნა უძლიერესი პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლა. ჰანამ ჩამოაყალიბა ტოტალიტარიზმის თეორიაც. 

მარტინ ჰაიდეგერი კი, ნაცისტების მხარდამჭერი ფილოსოფოსი იყო. 1925 წელს მარბურგის უნივერსიტეტში შეხვდა ჰანას, ჰაიდეგერი მაშინ ლექტორი იყო, 36 წლის, უკვე დაქორწინებული კაცი, ჰანა კი მისი სტუდენტი.

ჰანას გონებამახვილობამ, ინტელექტმა და მშვენიერებამ მოხიბლა ჰაიდეგერი და მათ შორის 50-წლიანი რომანიც დაიწყო.

მათი მიმოწერა კრებულად 2003 წელს გამოიცა. ისინი უდავოდ დიდი ფიგურები იყვნენ მეოცე საუკუნის ფილოსოფიაში. მათი იდუმალი სასიყვარულო ისტორია კი ბევრისთვის დღემდე შთამბეჭდავია.

მეორე მხრივ, ეს ებრაელი ქალისა და ნაცისტი კაცის სიყვარულის ამბავიცაა.

2018 წელს გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში დადგეს ოპერა  “სიყვარულის ბანალურობა” – რომლის ცენტრალური ფიგურები ჰანა და მარტინი იყვნენ.

ფოტო:  www.haaretz.com

80 წლის ჰაიდეგერმა ყოფილ სტუდენტებს, მათ შორის ჰანასაც, სთხოვა მასზე დაეწერათ. ჰანამ დაწერა, რომ ჰაიდეგერმა მთელი ცხოვრება სპილოს ძვლის კოშკში მჯდომმა გაატარა და ყოველდღიურობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ამით მან თითქოს დაიცვა ის და გაათავისუფლა კრიტიკისგან, რომელსაც იმსახურებდა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში დარჩენილი ფილოსოფოსი.

1925 წლის თებერვალში მარტინ ჰაიდეგერი ჰანა არენდტს წერდა:

„ძვირფასო მის არენდტ

ამ საღამოს აუცილებლად მინდა გნახოთ და ვისაუბრო თქვენს გულთან.

ყველაფერი უნდა იყოს უბრალო, ცხადი და ნათელი ჩვენ შორის. მხოლოდ ამის შემდეგ მექნება უფლება გთხოვოთ შეხვედრა. თქვენ ჩემი მოსწავლე ხართ, მე კი – მასწავლებელი. ეს იქნება ერთადერთი მიმართება ჩვენს ურთიერთობაში.

მე არასდროს დაგიძახებთ „ჩემს“, მაგრამ ამიერიდან მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და ის გაიზრდება თქვენთან ერთად.

ვერასდროს გავიგებთ, ჩვენი არსებობა სხვებისთვის რად იქცევა. 

შენი ახალგაზრდობის გზა ნელ-ნელა გაფერმკრთალდება, ჩვენ ამასთან შეგუება მოგვიწევს. მე კი მთელი ეს დრო ერთგულად შეგახსენებთ სიმართლეს თქვენს შესახებ.

იყავით ბედნიერი – ამჟამად ესაა ჩემი სურვილი.

მაშინ, როცა ბედნიერი იქნებით, გახდებით ქალი, რომელსაც შეეძლება ბედნიერების გაცემა და რომლის ირგვლივაც იქნება ბედნიერება, უსაფრთხოება, მშვიდობა, პატივისცემა და მადლიერების განცდა ცხოვრებისადმი.

ასე შეძლებთ მოემზადოთ იმ ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი აპირებს, რომ მოგცეთ.

ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და მივიღოთ ეს როგორც საჩუქარი და არ დავამახინჯოთ ის დროთა განმავლობაში. არ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე, როგორც სულისმიერ მეგობრებზე, არის რაღაცები, რასაც ვერასდროს გამოცდი. ჩვენი მეგობრობა მოგვცემს საშუალებას, ერთად გავიზარდოთ.

მაგრამ მინდა მხოლოდ ერთხელ გაკოცოთ მშვენიერ წარბებზე და პატივი მივაგო თქვენს დამსახურებებს ჩემს ნაშრომებში.”

 

11 დღის შემდეგ ჰაიდეგერი კვლავ წერს ჰანას:

„ძვირფასო ჰანა,

რატომ არის სიყვარული ყველა შესაძლო ადამიანურ გამოცდილებაზე მდიდარი და ტკბილი ტვირთი მათთვის, ვინც მასზეა ჩაჭიდებული? იმიტომ, რომ ჩვენ ის ვხდებით, რაც გვიყვარს და ასე ვინარჩუნებთ საკუთარ თავს. შემდეგ, გვინდება, მადლობა გადავუხადოთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ ადეკვატურს ვერაფერს ვპოულობთ.

მხოლოდ საკუთარ თავს შეგვიძლია გადავუხადოთ მადლობა.

სიყვარული ტრანსფორმირდება საკუთარი თავის მიმართ ერთგულებასა და სხვისადმი უპირობო რწმენად.

ასე ამძაფრებს სიყვარული თავის იდუმალებას.

ადამიანი საკუთარ ბედს სხვას უკავშირებს, ჭეშმარიტი სიყვარულის მოვალეობა კი, არის შეინარჩუნოს ყველაფერი ისეთი სახით, როგორც ეს პირველ დღეებში იყო.“ 

რომანტიკული ურთიერთობის ერთი წლის თავზე ჰანამ შეწყვიტა ურთიერთობა ჰაიდეგერთან, ძირითადად იმ მიზეზით, რომ სურდა უფრო მეტი დრო დაეთმო აკადემიური საქმიანობისთვის.

ჰაიდეგერი მაშინ წერდა:

“…მესმის, მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობას ვერ ამარტივებს.

ფილოსოფოსობა სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, ალბათ.”

ჰანას წერილი არ შემოუნახავს ისტორიას, მაგრამ ნათელია, რომ ის მოითხოვდა რომანტიკისგან დისტანცირებას და საქმეზე ორიენტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჰაიდეგერი ჰანას მომავალ ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებდა, მაინც გამოთქვამდა სურვილს, გაეგრძელებინათ ურთიერთობა.

1928 წელს ჰანა წერდა ჰაიდეგერს, მადლობას უხდიდა მოთმინებისა და გაგებისთვის:

„ისე მიყვარხარ, როგორც პირველ დღეს – და ეს ორივემ ვიცით. ცხოვრების გზა, რომელიც შენ დამანახე, იმაზე გრძელი და რთული აღმოჩნდა, როგორსაც მე მოველოდი.

მარტოობა ამგვარი ცხოვრებისთვის ჩემი არჩევანია და ერთადერთი გზაა, რომელიც ცხოვრებამ შემომთავაზა. მხოლოდ ასე შევძელი ამ გზაზე დგომა. მხოლოდ შენ გაქვს უფლება ეს იცოდე, რადგან ამას ისეც ხვდებოდი. 

ახლა ვიცი, რომ მაშინაც კი, როცა ჩუმად ვიქნები, მე არ მომიწევს ტყუილით ცხოვრება. ყოველთვის იმაზე მეტს ვაძლევდი ადამიანებს, ვიდრე ისინი ჩემგან ელოდნენ, ეს გზა კი არაფერია, თუ არა ვალდებულებების გაცნობიერება, სწორედ ჩვენმა სიყვარულმა გამხადა პასუხისმგებლიანი.

მე სიცოცხლის უფლებას დავკარგავ შენს სიყვარულთან ერთად, მაგრამ ასევე დავკარგავ სიყვარულსაც, თუ უარს ვიტყვი იმ პასუხისმგებლობაზე, რაც ჩემი ცხოვრების წარმმართავია.”

მომდევნო წელს ჰაიდეგერის სემინარზე ჰანა შეხვდა გერმანელ ჟურნალისტსა და ფილოსოფოსს გიუნტერ შტერნს. იმავე შემოდგომაზე მათ იქორწინეს. ქორწილის დღეს არენდტმა ბოლო რომანტიკული წერილი გამოუგზავნა ჰაიდეგერს:

„არ დამივიწყო. არც ის დაივიწყო, რომ  ჩვენი სიყვარული იქცა კურთხევად მთელი ჩემი ცხოვრებისა. ეს ფაქტი ურყევი იქნება მუდამ, დღესაც კი, როცა ჩემი მღელვარე ცხოვრების გზაზე ვიპოვე სახლი და განცდა, რომ ვეკუთვნი ვიღაცას, ვისაც ვიცი, რომ აუცილებლად გაუგებდი.

გკოცნი თვალებზე,

შენი ჰანა”

მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, როცა ორ ფილოსოფოსს მთელი ატლანტიკის ოკეანე და პოლიტიკური იდეოლოგიების ქარცეცხლი ყოფდა, არ შეუწყვეტიათ მიმოწერა, სანამ 1975 წელს ჰანა არ გარდაიცვალა. 

წყარო: brainpickings.org, haaretz.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: