მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ შეფუთა ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩაზე „ხრუშჩოვკის“ ფასადი

28.08.2019
რატომ ვერ შეფუთა ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩაზე „ხრუშჩოვკის“ ფასადი

ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, ხუთსართულიანი კორპუსის „ფასადის შეფუთვის სამუშაოებისთვის“ თანხა – 554 571 ლარი აჭარის მთავრობამ მერიას 2019 წლის აპრილში გამოუყო. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ეს თანხა ტენდერის გარეშე უნდა დახარჯულიყო, რისთვისაც მერიას შესაბამისი თანხმობაც ჰქონდა და კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმებული, თუმცა სამუშაოები არ ჩატარდა.

ბათუმში, რუსთაველის ქ. №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვის [იერსახის შეცვლა, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, თბოიზოლაცია] სამუშოების შესყიდვაზე გუშინ, 27 აგვისტოს, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.

რატომ არ შეასრულა სამუშაოები კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება ტენდერის გარეშე იყო გაფორმებული? – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულება შეწყვიტეს.

„კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ობიექტების მეპატრონეები წავიდნენ წინააღმდეგნი, რომ სამუშაოები მოახლოებული სეზონის გამო არ ჩატარებულიყო. სამმართველომ ხელშეკრულება შეწყვიტა და ვინაიდან პირდაპირი შესყიდვის უფლების ხელახლა მიღებას სჭირდება იმავე პროცედურების გავლა, გადაწყდა, რომ ტენდერი გამოგვეცხადებინა“, – გვითხრეს სამმართველოში.

სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დაწყებულიყო და 5 თვეში დასრულებულიყო. ამჯერად კი ტენდერში წინადადებების მიღება 17 სექტემბერს შეწყდება და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ეს, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი შედგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასადის შეფუთვა დროში გაიწელება.

რუსთაველის 10, ბათუმი / ფოტორენდერი შენობის ფასადის შეფუთვის პროექტიდან

„რუსთაველის ქ. №10-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ტიპიურ „ხრუშჩოვკას“. სახლის შეფუთვა-მოპირკეთება რუსთაველის ქუჩის მხრიდან გაკეთდა მრავალი წლის უკან და დღეის მდგომარეობით ფასადი სავალალო მდგომარეობაშია: საცხოვრებელი სახლის აივნები და ფასადი დაზიანებულია და შესაძლებელია გამოიწვიოს აქ მცხოვრებლების და ქვეითად მოსიარულეთა [მათ შორის ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის] საფრთხის შექმნა“, – აღნიშნული იყო მერიის სამმართველოს განაცხადში, როცა სამუშაოების ტენდერის გარეშე შესყიდვის აუცილებლობას ასაბუთებდა.

უცნობია, „დაზიანებული აივნებისა და ფასადისგან“ მომდინარე საფრთხე ამჯერად რამდენად შემცირებულია, ან თუ ასეთი მყისიერი საფრთხე არ არსებობდა, რატომ გადაწყვიტა მერიამ თავის დროზე პირდაპირი შესყიდვით დაეხარჯა 554 571 ლარი.

ამ თემაზე:

რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: